2024 წლის პარიზის ოლიმპიადა

IOC-მა პარიზის ოლიმპიადაზე ნეიტრალური სტატუსით რუსეთიდან 6 სპორტსმენი დაუშვა

REUTERS

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ნეიტრალური სტატუსით რუსეთიდან 6 სპორტსმენი დაუშვა

"მსოფლიოს მასშტაბით 4 600 სპორტსმენს შორის, რომლებსაც პარიზის 2024 წლის ოლიმპიადისთვის კვალიფიკაცია მიენიჭათ, ნეიტრალური სტატუსის მქონე მხოლოდ 11 ინდივიდუალური სპორტსმენია (*ექვსი რუსული პასპორტით პლუს ხუთი ბელარუსული პასპორტით). შედარებისთვის, დღემდე 60-ზე მეტმა უკრაინელმა სპორტსმენმა მოიპოვა კვალიფიკაცია პარიზში 2024 წლის ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად". - აღნიშნულია IOC-ის განცხადებაში.  

აქამდე IOC-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის მისაღებად კვალიფიკაცია მიენიჭა ნეიტრალური სტატუსის მქონე 11 ადამიანს, რომელთაგან 8-ს რუსეთის, ხოლო 3-ს ბელარუსის პასპორტი ჰქონდა. 

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) რუსი და ბელარუსი სპორტსმენები 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ნეიტრალური სტატუსით დაუშვა.

ერთ-ერთი პირობა, რომლითაც ამ ორი ქვეყნის წარმომადგენლები მომდევნო ოლიმპიადაზე იასპარეზებენ, გულისხმობს რუსეთისა და ბელარუსის დროშების, ემბლემებისა და ჰიმნების არგამოყენებას. 

IOC-ის გადაწყვეტილებით, ოლიმპიადაზე რუსეთიდან და ბელარუსიდან ინდივიდუალურად მოასპარეზე ათლეტები დაიშვებიან და არა - გუნდები. ამასთან, მონაწილეობა ეკრძალებათ იმ სპორტსმენებსაც, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინაში რუსეთის ომს ან/და დაკავშირებულები არიან რუსეთის ან ბელარუსის სამხედრო/ეროვნული უსაფრთხოების სამსახურებთან.

ამასთან, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, რუსეთის და ბელარუსის მთავრობების არცერთი წარმომადგენელი არ იქნება მიწვეული და არც აკრედიტაცია ექნებათ პარიზში 2024 წლის საერთაშორისო ოლიმპიადაზე დასასწრებად. 

"ინდივიდუალური სპორტსმენების უფლებების დაცვა, მონაწილეობა მიიღონ შეჯიბრებებში, მიუხედავად მათი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების გარიცხვისა, არის კარგად დამკვიდრებული პრაქტიკა, რომელიც პატივს სცემს ადამიანის უფლებებს". - ამბობენ IOC-ში.

კომენტარები