ჯო ბაიდენი

ბაიდენის იმპიჩმენტის მოკვლევა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ ავტორიზებულია

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი
Drew Angerer/Getty Images

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ, სადაც უმრავლესობას რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები ინარჩუნებენ, პრეზიდენტი ჯო ბაიდენის იმპიჩმენტთან დაკავშირებული მოკვლევის ავტორიზაცია მოახდინა.

იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას მხარი დაუჭირა ყველა რესპუბლიკელმა. საერთო ჯამში ხმათა რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა: 221 ხმა 212-ის წინააღმდეგ.

იმპიჩმენტის პროცესის დაწყება გულისხმობს დანაშაულებისა და გადაცდომების გამო პრეზიდენტის გადაყენების მოთხოვნას. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებს ბაიდენის დანაშაულების დამადასტურებელი სამხილები არ წარუდგენიათ.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების მიღებულ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი ბაიდენი გამოეხმაურა.

"იმის ნაცვლად, რომ ამერიკელთა ცხოვრება უკეთესი გახადონ, ისინი ფოკუსირებული არიან ჩემს მიმართ ტყუილებით თავდასხმაზე. იმის ნაცვლად, რომ საკუთარი საქმე გააკეთონ, რაც სასწრაფოა, ირჩევენ დრო გაფლანგონ ამ უსაფუძვლო პოლიტიკურ სვლაზე, რომელზეც კონგრესში მყოფი რესპუბლიკელებიც კი აღიარებენ, რომ ზურგს ფაქტები ვერ უმაგრებს". – თქვა ბაიდენმა.

მოკვლევის ავტორიზაციით გარანტირებულია, რომ იმპიჩმენტის გამოძიება გაგრძელდება 2024 წელსაც, როცა ჯო ბაიდენი არჩევნების კამპანიაში იქნება ჩართული და სავარაუდოდ მისი მთავარი კონკურენტი დონალდ ტრამპი იქნება. 

იმპიჩმენტის საქმე ეხება ჰანტერ ბაიდენისა და უკრაინული ენერგოკომპანია ბურისმას შორის საქმიანობას. მოკვლევის მიზანია დაადგინონ, ამჟამინდელი პრეზიდენტი და მაშინდელი ვიცეპრეზიდენტი იყენებდა თუ არა გავლენას საკუთარი შვილის, ჰანტერ ბაიდენის სასარგებლოდ. წარმომადგენელთა პალატაში ეს პროცესი 12 სექტემბერს დაიწყეს. თუ გამოძიების ფარგლებში ბრალდების დამადასტურებელ სამხილებს აღმოაჩენენ, შესაძლებელი იქნება ჯო ბაიდენის მიმართ იმპიჩმენტის პროცესის ჩატარება. ამას გარდა, გამოძიების სხვა ნაწილი ეხება ჰანტერ ბაიდენის მიერ 2017 და 2018 წლებში გადასახადების განსაზღვრულ ვადაში დაუფარველობას. 

როგორც AP News-ი აღნიშნავს, გამოძიებამ ამ დრომდე ბაიდენის ქცევებთან დაკავშირებით გარკვეული ეთიკური კითხვის ნიშნები გააჩინა, თუმცა არ არსებობს სამხილი, რომ ბაიდენი ვიცეპრეზიდენტობის ან პრეზიდენტობის დროს ჩართული იყო კორუფციულ საქმიანობაში და იღებდა ქრთამებს.

"ჩვენ ამ პასუხისმგებლობას მსუბუქად არ ვუდგებით და გამოძიების შედეგებზე წინასწარ განაჩენს არ გამოვიტანთ, თუმცა მტკიცებულებათა ჩანაწერის უგულებელყოფა შეუძლებელია". - თქვა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა მაიკ ჯონსონმა.

რესპუბლიკელები ამბობენ, რომ გამოძება ძირითადად ფოკუსირებულია თავად პრეზიდენტზე, თუმცა ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ჰანტერ ბაიდენსა და საზღვარგარეთ მის ბიზნესსაქმიანობას, საიდანაც, მათი ბრალდებით, ჯო ბაიდენმა პირადი სარგებელი მიიღო. ამას გარდა, რესპუბლიკელების ყურადღება მიპყრობილია მამხილებლის ბრალდებაზე, რომ ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ გადასახადებისა და იარაღის გამოყენების საქმესთან დაკავშირებულ იუსტიციის დეპარტამენტის გამოძიებაში ჩარევის მცდელობები შეინიშნებოდა.

ჰანტერ ბაიდენი დადანაშაულებულია, რომ მან დაარღვია კანონი ნარკოტიკის მომხმარებელთა მიერ იარაღის ფლობასთან დაკავშირებით 2018 წელს, მაშინ, როცა ის ნარკოტიკებზე მძიმედ იყო დამოკიდებული. ამას გარდა, გასულ კვირაში სპეციალურმა პროკურორმა, დევიდ ვეისმა მას დამატებითი ბრალდება წარუდგინა, რომ ვერ შეძლო $1.4 მილიონის ოდენობის გადასახადების 3 წლის განმავლობაში გადახდა.

დემოკრატები თავის მხრივ ხაზს უსვამენ, რომ პრეზიდენტის შვილი საუკეთესო პიროვნება არაა და მას შეცდომები აქვს დაშვებული, თუმცა ის არის მოქალაქე, რომელიც მართლმსაჯულების სისტემის მიმართ პასუხს უკვე აგებს.

კომენტარები