ოკუპირებული აფხაზეთი

ბჟანია თვლის, რომ რუსეთის "უანგარო დახმარების" იმედი მუდამ არ უნდა ჰქონდეთ

ასლან ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტი ლიდერი, ასლან ბჟანია თვლის, რომ რუსეთის "უანგარო დახმარების" იმედი მუდამ არ უნდა ჰქონდეთ, რადგან, მისი აზრით, მოსკოვი მთელ რესურსებს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებისკენ მიმართავს. ამის შესახებ მან ე.წ. დეპუტატებთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

"ასლან ბჟანიამ ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ მუდამ არ უნდა გვქონდეს რუსეთის უანგარო დახმარების იმედი, რადგან იქნება სხვა, დღევანდელი საბრძოლო მოქმედებებისგან უფრო დაზარალებული რეგიონები, სადაც ყველანაირი საშუალება გაიგზავნება". – ნათქვამია ე.წ. პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში.

ამას გარდა ასლან ბჟანიამ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთთან ერთად საკუთარი სამხედრო ძალების სათანადო გაძლიერება ვერ შეძლეს და ამისთვის საკუთარ რესურსებს ხარჯავენ.

"პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რესპუბლიკას ჰქონდა შანსი გადაეიარაღებინა არმია, აღეჭურვა და გამოეწვრთნა  ის სტრატეგიულ პარტნიორთან, რუსეთის ფედერაციასთან ერთად, არსებობდა შესაბამისი შეთავაზება, გამოიკვეთა მისაღები პირობები, გამოითვალა ყველა დადებითი მხარე, მაგრამ ეს არ მოხდა". – წერია განცხადებაში.

"დღეს ამ ყველაფრის კეთება ჩვენ გვიწევს: ჩვენი ფულით ვარემონტებთ თვითმფრინავებს, ვაშენებთ საფორტიფიკაციო ხაზებს, ყაზარმებს, ვაიარაღებთ შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას, ვყიდულობთ და ვაწარმოებთ დრონებსა და სხვა ტექნიკას. სამწუხაროდ, ჩვენ მიერ მიღებული ზომები საკმარისი არაა". – დაამატა ბჟანიამ. 

ბჟანიას თქმით, მსოფლიო აფხაზეთის გარშემო "ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბევრად უფრო ნაკლებად მყუდრო და წყნარია, ვიდრე ადრე".

მარიონეტმა ლიდერმა უკმაყოფილება გამოთქვა ოკუპირებული აფხაზეთის მიმართ დასავლეთის დამოკიდებულებაზე.

"მათ სურთ, რომ ჩვენი დედაქალაქი არა სოხუმში, არამედ თბილისში იყოს და სისტემატურად მუშაობენ ამის მისაღწევად. ეს მათ სურთ, რათა მსოფლიოს აჩვენონ რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი სუვერენიტეტის აღიარების უმნიშვნელობა, რათა აჩვენონ საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებს, რომ პრობლემათა გადაჭრის გასაღები მათ ხელშია. ისინი აკეთებენ ყველაფერს, რათა აფხაზეთში არაფერი განვითარდეს". – თქვა მარიონეტმა. 

ბჟანიას აზრით, აფხაზეთი უნდა გახდეს "მსოფლიოს ახალი არქიტექტურის, ახალი უსაფრთხოების სისტემის ნაწილი" და რუსეთთან ამიტომაც არიან. მისივე თქმით, რუსეთთან ერთად "გლობალური კრიზისის ნაწილი" გახდნენ.

"მთელი ევროპა ეფლობა ამ კონფლიქტში. ადამიანური ძალის რეზერვი, ქონებრივი რეზერვი, ევროპული ქვეყნების სიმდიდრე იფლანგება და უკვე გაიფლანგა, სპეციალური სამხედრო ოპერაცია (რედ. იგულისხმება ომი უკრაინაში) კი გადამწყვეტი შეტაკების ბოლო ფაზაში შევიდა. მგონი, არაა საჭირო იმის ახსნა, რომ იქ მიმდინარე სისხლიანი ტრაგედიის შედეგი უკვე არც ისე შორსაა". – თქვა ასლან ბჟანიამ.

კომენტარები