რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კაპიტოლიუმში გადაუჭრელი საკითხები პუტინსა და მის ხროვას სტიმულს აძლევს – ზელენსკი აშშ-ში

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში სამხედრო მაღალჩინოსნებს მიმართავს, 11 დეკემბერი, 2023

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ვაშინგტონში, ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში, სამხედრო მაღალჩინოსნებს მიმართა.

ზელენსკის თქმით, უკრაინა არა მხოლოდ საკუთარი თავისუფლების, არამედ გლობალური დემოკრატიისთვის იბრძვის.

უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ს კონგრესში უკრაინისა და ისრაელის სამხედრო დახმარების საკითხის გადაუჭრელობის ფონზე მიმდინარეობს. აშშ-ს მიერ უკრაინის დახმარების პროცესის შეყოვნებას ზელენსკიმ პუტინის "ახდენილი ოცნება" უწოდა.

"თუკი კაპიტოლოუმში გადაუჭრელი საკითხები ვინმეს სტიმულს აძლევს, ეს პუტინი და მისი სნეული ხროვაა". - თქვა მან.

ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენსაც შეხვდება, სადაც მხარეები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილებენ ყურადღებას.

უკვე რამდენიმე კვირაა, რაც უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების საკითხი ამერიკაში ჯერჯერობით გადაუწყვეტელია. პრეზიდენტმა ბაიდენმა აშშ-ს კონგრესს ისრაელისა და უკრაინის დახმარებისთვის, ასევე სასაზღვრო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით $106 მილიარდის გამოყოფა მოსთხოვა, თუმცა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ისრაელისთვის $14.6 მილიარდის სამხედრო დახმარება ცალკე მიიღო, რის გამოც კონგრესში მოლაპარაკებები ჯერჯერობით ჩიხში რჩება.

$106 მილიარდიანი ბიუჯეტიდან უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის $60 მილიარდია განკუთვნილი. წინა კვირას, სენატის რესპუბლიკელებმა აღნიშნულ კანონპროექტს მხარი იმიტომ არ დაუჭირეს, რომ მასში აშშ-მექსიკის საზღვრის უსაფრთხოების გაზრდისთვის თანხა გამოყოფილი არ იყო.

უკრაინის დაფინანსების საკითხზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის გამო, 5 დეკემბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში დაგეგმილი ვიდეოჩართვა გააუქმა.

კომენტარები