რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მეტის გასაკეთებლად უნდა ვიყოთ მზად მაშინ, როდესაც სხვები ორჭოფობენ – შოლცი უკრაინაზე

ოლაფ შოლცი
Krisztian Bocsi/Bloomberg

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა 9 დეკემბერს თქვა, რომ ომი უკრაინაში "ალბათ, მალე არ დასრულდება" და გერმანია კვლავ უნდა იყოს ისეთ პოზიციაში, რომ შეძლოს კიევის მხარდაჭერა.

კანცლერმა თქვა, რომ უკრაინაში შეჭრით რუსეთმა ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყველა კონსენსუსი მიატოვა და ცხადი უნდა გახადონ, რომ "ევროპაში საზღვრები ძალით ვეღარ შეიცვლება".

მანვე აღნიშნა, რომ ამ მიზეზით, გერმანია მეტის გაკეთებისთვის უნდა იყოს მზად მაშინ, "როდესაც სხვები ორჭოფობენ". სავარაუდოდ, ამით შოლცმა აშშ-ში მიმდინარე პროცესებზე მიანიშნა, სადაც 6 დეკემბერს სენატში დაიბლოკა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კანონპროექტი, რომელიც უკრაინისა და ისრაელისთვის განკუთვნილ მილიარდობით დოლარის ღირებულების დახმარებასაც მოიცავს.

გარდა ამისა, შოლცის თქმით, რომ პუტინმა გერმანიის დახმარება შემცირებულად არ უნდა ჩათვალოს და პირობა დადო, რომ ბერლინი რუსი დამპყრობების წინააღმდეგ ომში უკრაინის დახმარებას გააგრძელებს. მანვე აღნიშნა, რომ ამისათვის მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს.

კანცლერმა უკრაინის დაფინანსებისა და ბიუჯეტთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე მისი მემარცხენე-ცენტრისტული პარტიის, სოციალ-დემოკრატების (SPD) პარტიულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ილაპარაკა. აღსანიშნავია, რომ გერმანიის მთავრობას, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, 2024 წლის ბიუჯეტის ხარჯის გეგმისთვის საჭირო დაფინანსების მოძიება უჭირს.

გერმანიაში საბიუჯეტო ქაოსი ძირითადად უკავშირდება სწორედ ნოემბრის შუა რიცხვებში გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, პანდემიისთვის განკუთვნილი და გამოუყენებელი 60 მილიარდი ევროს კლიმატის ფონდში გადამისამართება არაკონსტიტუციური იყო. ამან გერმანიის მთავრობის მიერ დაგეგმილ ხარჯებში მნიშვნელოვანი ხვრელი გააჩინა და ბიუჯეტის დაფინანსების კრიზისი შექმნა.

კომენტარები