თავდასხმა ფილიპინებში

ფილიპინურ უნივერსიტეტში საკვირაო წირვის დროს აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

მინდანაოს შტატის უნივერსიტეტში აფეთქების შედეგი 
LANAO DEL SUR PROVINCIAL GOVERNMENT

3 დეკემბერს ფილიპინებში, მინდანაოს შტატის უნივერსიტეტში კათოლიკური მესის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ორმოცდაორი კი დაშავდა.

რეგიონის გუბერნატორის თქმით, დაშავებულთაგან ბევრი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გამოძიების მიხედვით, აფეთქება სავარაუდოდ ყუმბარამ ან ხელნაკეთმა ბომბმა გამოიწვია.

ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელი თავდასხმას ტერაქტად მოიაზრებს და თვლის, რომ მის უკან ე.წ. ისლამური სახელმწიფოს (ISIS) მხარდამჭერი დაულა ისლამია-მაუთეს ჯგუფი დგას. 

მისივე თქმით, ორი დღით ადრე, 1 დეკემბერს, მეზობელ დასახლებაში ამავე ჯგუფთან დაპირისპირების დროს 11 ტერორისტი მოკლეს, ამიტომ ვარაუდობს, რომ თავდასხმა შურისძიების აქტს წარმოადგენს.

ფილიპინების პრეზიდენტმა ფერდინანდ მარკოს ჯუნიორმა X-ზე (ყოფილი Twitter-ი) დაწერა, რომ თავდასხმა "უცხოელი ტერორისტების" მიერ არის ორკესტრირებული, თუმცა ამის შესახებ მეტს არ აკონკრეტებს. 

თავდასხმა მარავის ქალაქში მოხდა, რომელიც 2017 წელს ISIS-ის მხარდამჭერი ტერორისტების ჯგუფს 5 თვით ჰქონდათ დაკავებული, სანამ ფილიპინების მთავრობა დაამარცხებდათ. 

კომენტარები