დონალდ ტრამპი

ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის იმუნიტეტი კაპიტოლიუმზე შტურმის საქმეში არ ცნო

აშშ-ს ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმუნიტეტი მის წინააღმდეგ აღძრულ სასამართლო საქმეში არ ცნო. შესაბამისად, დადგენილების თანახმად, 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე შტურმის საქმესთან დაკავშირებით ტრამპის გასამართლება შესაძლებელია.

მოსამართლე ტანია ჩუტკანის თქმით, პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში გასამართლებას თავიდან არიდების გარანტიას არ წარმოადგენს.

"ყოფილი პრეზიდენტები არ სარგებლობენ სპეციალური პირობებით ფედერალურ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით. ბრალდებული შეიძლება დაექვემდებაროს ფედერალურ გამოძიებას, ბრალდებას, დევნას, მსჯავრის დადებას და დასჯას ნებისმიერი დანაშაულებრივი ქმედებისთვის, რომელიც ჩადენილი იყო თანამდებობაზე ყოფნის დროს". - წერს მოსამართლე.

ჩუტკანმა ასევე უარყო ტრამპის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული ბრალდება არღვევს ყოფილი პრეზიდენტის სიტყვის თავისუფლებას. ტრამპის ადვოკატების მტკიცებით, არჩევნების გაპროტესტების უფლება პირველი შესწორებით დაცული კონსტიტუციური უფლებაა. ამის პარალელურად, აშშ-ს ექსპრეზიდენტის ადვოკატები პროკურორებს პოლიტიკური სიტყვისა და პოლიტიკური ადვოკატირების კრიმინალიზაციის მცდელობაში ადანაშაულებენ. 

ადვოკატების მტკიცებებთან დაკავშირებით მოსამართლემ თქვა: "ნათლადაა დადგენილი, რომ პირველი შესწორება არ იცავს იმ სიტყვას, რომელიც დანაშაულის ინსტრუმენტად გამოიყენება".

"მას ბრალს არ სდებენ მხოლოდ ცრუ განცხადებების გაკეთებისთვის... არამედ დანაშაულებრივი შეთქმულების ხელშეწყობისა და საარჩევნო პროცესის შეფერხების მიზნით შეგნებულად ცრუ განცხადებების გაკეთების გამო". - წერს მოსამართლე.

კაპიტოლიუმზე შტურმის საქმესთან დაკავშირებული ბრალდება ერთ-ერთია იმ 4 სასამართლო საქმიდან, რომელიც ტრამპის წინააღმდეგაა აღძრული. 

კომენტარები