საქართველო-რუსეთი

დარჩიაშვილი: საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ რეგიონს საფრთხე შეუქმნა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ეუთოს მინისტრთა საბჭოს პლენარულ სხდომაზე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციასა და რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა. მისი თქმით, ჯერ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ, ხოლო შემდეგ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამ საფრთხე შეუქმნა საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებულ წესრიგს. 

"ჰელსინკის ფინალური აქტის ფუნდამენტური პრინციპები და ძირითადი დებულებები გამუდმებით და უხეშად ირღვევა - მაშინ როდესაც ეუთო მის მე-50 წლისთავს უახლოვდება. 2008 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ, ამის შემდეგ, 2014 წელს უკრაინის ყირიმის ანექსიამ და უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომმა საფრთხე შეუქმნა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს და რეგიონის უსაფრთხოებას. ამას ათასობით სიცოცხლე შეეწირა და მილიონობით ადამიანს გადასახლება მოუწია". - თქვა მან.

დარჩიაშვილმა სხდომაზე ასევე ისაუბრა უკრაინისა და უკრაინელების მიმართ მხარდაჭერაზე. მინისტრის თქმით, საქართველო პატივს სცემს უკრაინის სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მის ტერიტორიულ მთლიანობას.

გარდა ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს მინისტერიალზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცების შესახებ ისაუბრა. მან ახსენა 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კირბალის მიმდებარედ თამაზ გინტურის მკვლელობა და აღნიშნა, რომ ეს იყო რუსეთის მხრიდან ქართველების წინააღდეგ "ძალადობის კიდევ ერთი აქტი".

"ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები უფლებების მძიმე დარღვევების მსხვერპლნი ხდებიან. ისინი მავთულის ღობეებით კილომეტრებით არიან დაშორებულები ნათესავებს, მიწებს, სალოცავებს, მათ ართმევენ გადაადგილების თავისუფლებას, წვდომას ძირითად საჭიროებებზე. ასევე გავრცელებული პრაქტიკაა უკანონო დაკავებები და გატაცებები. 

ბოლო დროს საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მისსავე სოფლის, კირბალის სიახლოვედ, გორის მუნიციპალიტეტში არის ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი კიდევ ერთი ძალადობრივი აქტი". - თქვა დარჩიაშვილმა.

გარდა ამისა, მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებული მიდგომის მნიშვნელობას, რაც დარჩიაშვილის თქმით, აუცილებელია, რათა რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ძალები გაიყვანოს და საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებულ წესრიგს პატივი სცეს.


ეუთოს მინისტერიალზე, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ტარდება, სიტყვით გამოვიდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვიც. მან ისაუბრა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე და მოვლენებში კვლავ თბილისი და ვაშინგტონი დაადანაშაულა. მისი მტკიცებით, NATO-ს ქვეყნებმა ბუქარესტის სამიტზე თბილისი და კიევი რუსეთის საწინააღმდეგოდ განაწყვეს.

ეუთოს მინისტერიალს ლავროვის მონაწილეობის გამო ბოიკოტი გამოუცხადა უკრაინამ, პოლონეთმა, ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა, ხოლო აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჩრდილოეთ მაკედონია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩასვლამდე დატოვა.

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა, ვიცეპრემიერმა ლევან დავითაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით დარჩიაშვილმა აღნიშნეს, რომ საქართველო მინისტერიალს ბოიკოტს არ უცხადებდა და მათ ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

კომენტარები