ოკუპირებული აფხაზეთი

შამბა: საქართველოსთან კონფლიქტის დასაძლევად საჭიროა საუბარი

სერგეი შამბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბას თქმით, საქართველოსთან კონფლიქტის გადასაჭრელად საჭიროა საუბარი.

ამის შესახებ მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის ყოფილ შემსრულებელთან, ვახტანგ ყოლბაიასთან ერთად ჟურნალისტ ვანო ჩოკორაიასთან ისაუბრა.

"არაერთხელ მითქვამს, რომ ამ თემაზე აფხაზურ საზოგადოებაში ბევრს არ მოსწონს ჩემი პოზივია, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ არსებობს პრობლემა, პირველ რიგში საჭიროა საუბარი. არ არსებობს ერები, მეზობლები, ახლობლები და ნათესავებიც კი, რომლებსაც ერთმანეთში არ უომიათ. მაგალითად, მთელი ევროპა". – თქვა შამბამ.

შამბა თვლის, რომ ქართულ და აფხაზურ მხარეს ბევრი ჯერ კიდევ აგრესიულადაა განწყობილი. მისივე თქმით, ომიდან დიდი დროა გასული და საჭიროა საუბრის დაწყება, რაც, მისი აზრით, ნელი ტემპით უკვე ხდება.

"ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ეს გაივლის, მართლაც ომიდან უკვე დიდი დროა გასული, უკვე 30 წელი, შესაძლებელია რამენაირად ურთიერთგაგების მიმართ რაღაც მოძრაობა დაიწყოს. თუმცა ეს ნელ-ნელა ხდება. ყოველთვის მხარს ვუჭერდი ეროვნულ დიპლომატიას და როცა საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი, ჩვენი წარმომადგენლები ძალიან ხშირად ხვდებოდნენ ქართველ ოპონენტებს. ეს იყო შესაძლებლობა, გაგვეგო ერთმანეთის პოზიციები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა პრობლემა მკვდარი წერტილიდან დაიძრას. მე კვლავაც ვემხრობი ამას". – აღნიშნა შამბამ.

შამბას თქმით, საქართველოსთან კონფლიქტი "მრავალმა ისტორიულმა გარემოებამ და ომმა" დაბადა და მის მოსაგვარებლად საჭიროა საუბარი.

"ჩვენს ერებს შორის არსებობს კონფლიქტი, რომელიც დაიბადა მრავალი ისტორიული გარემოებითა და განსაკუთრებით ომით და იმისთვის, რომ ეს კონფლიქტი დავძლიოთ, საჭიროა საუბარი და ურთიერთგაგების გზების ძიება სამომავლო თანაცხოვრებისთვის". – თქვა შამბამ.

კომენტარები