აშშ-ინდოეთი

ინდოელმა სამთავრობო მოხელემ ნიუ-იორკში სიქი სეპარატისტის მოკვლის სქემა შეადგინა – აშშ

სიქი სეპარატისტების ლიდერი, გურპატვანტ სინგ პანუნი ნიუ-იორკში, 2014 წლის 26 სექტემბერი
AP Photo/Craig Ruttle, File

ამერიკელი პროკურორების თქმით, ინდოეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნიუ-იორკში სიქი სეპარატისტის, გურპატვანტ სინგ პანუნის მკვლელობის 100 ათასი დოლარის ღირებულების სქემა შეადგინა. აღნიშნული მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც შეთქმულებაში ჩართული ინდოელი კაცისთვის წარდგენილი ბრალდება გასაჯაროვდა.

ინდოეთის ხელისუფლების მიერ ტერორისტად გამოცხადებული პანუნის მკვლელობის სქემის შესახებ ამერიკულმა სამსახურებმა გასულ გაზაფხულზე შეიტყვეს. აშშ-ს ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) ადმინისტრატორის, ან მილგრამის თქმით, მოკვლის გეგმის შეჩერება მას შემდეგ შეძლეს, რაც უცხო ქვეყნის მთავრობაში დასაქმებულმა პირმა მკვლელობისთვის ნარკოტიკებით საერთაშორისო მოვაჭრე, ინდოეთის მოქალაქე, 52 წლის ნიხილ გუპტა დაიქირავა.

პროკურორების ინფორმაციით, გუპტა 30 ივნისს ჩეხეთის ხელისუფლებამ აშშ-სთან დადებული ორმხრივი ექსტრადიციის ხელშეკრულების ფარგლებში დააკავა. ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩაიყვანენ მას აშშ-ში.

მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში მიმდინარე სხდომის დროს გასაჯაროებული დოკუმენტის მიხედვით, გუპტას დაქირავებულ მკვლელობასა და დაქირავებული მკვლელობის ჩასადენად შეთქმულებაში მონაწილეობისთვის აქვს ბრალი წარდგენილი. ამავე დოკუმენტში გუპტას დამქირავებელი, ინდოეთის სამთავრობო მოხელე "CC-1"-ად არის მოხსენიებული. აქვე აღნიშნულია, რომ მან მკვლელი გასული წლის მაისში დაიქირავა.

"ბრალდებულმა ინდოეთიდან მოაწყო შეთქმულება, რათა სწორედ აქ, ნიუ-იორკში, მოეკლა აშშ-ს ინდური წარმოშობის მოქალაქე, რომელიც საჯაროდ მხარს უჭერდა სიქების, ინდოეთში ეთნორელიგიური უმცირესობის ჯგუფის, სუვერენული სახელმწიფოს შექმნას". - თქვა პროკურორმა დემიენ ვილიამსმა ბრალის გამოცხადებისას.

სექტემბერში ინდოეთი კანადის მოქალაქეობის მქონე სიქი სეპარატისტის, ჰარდიფ სინგ ნიჯარის მკვლელობაში მონაწილეობაში კანადამაც დაადანაშაულა. გუპტას საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ მისთვის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) მიერ მიგზავნილ აგენტს დაქირავებულმა მკვლელმა ნიჯარის მკვლელობის მეორე დღეს უთხრა, რომ ნიჯარიც "სამიზნე იყო", "ჩვენ ბევრი სამიზნე გვყავს" და ახლა, ნიუ-იორკში მკვლელობის ჩადენისთვის "მოცდა აღარ ღირს".

კომენტარები