ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

მედია: ჰამასი ისრაელთან ზავის კიდევ 4 დღით გახანგრძლივებაზე მზადყოფნას გამოთქვამს

Cbc.ca

მედიაში ჰამასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერორისტული დაჯგუფება მზადაა, კიდევ ოთხი დღით გაახანგრძლივოს ისრაელთან დადებული დროებითი ზავი. აქამდე, თავდაპირველი ოთხდღიანი ზავი უკვე ორი დღით გახანგრძლივდა.

როგორც AFP-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, ჰამასმა შუამავლებს უკვე აცნობა, რომ ზავის გახანგრძლივების შემთხვევაში ისრაელელი მძევლები გათავისუფლდებიან. 

არსებული შეთანხმების თანახმად, ღაზაში დაფუძნებულმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა უნდა გაათავისუფლონ ისრაელელი ბავშვები და ქალები, მათ შორის ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედროები. როგორც The Times of Israel-ი წერს, ამ დრომდე ღაზის სექტორში ჰამასს მძევლად ცხრა ბავშვი ჰყავს აყვანილი, მათ შორის ყველაზე პატარა კი 10 თვისაა.

აქამდე, 28 ნოემბერს ისრაელსა და ჰამასის ტერორისტულ ორგანიზაციას შორის დადებული გარიგებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ერთი დღით გახანგრძლივების სანაცვლოდ, 28 ნოემბერს ჰამასმა კიდევ 12 მძევალი გაათავისუფლა, მათ შორის 10 ისრაელელი და 2 ტაილანდის მოქალაქე.

24 ნოემბერს ისრაელის დროით დილის 7 საათზე ღაზის სექტორში დროებითი ჰუმანიტარული ზავი დაიწყო. შეთანხმების მიხედვით, ტყვეთა გათავისუფლების პირველ ეტაპზე ჰამასმა სულ 50 მძევალი, მომდევნო 4 დღის განმავლობაში კი დანარჩენი მძევლები ეტაპობრივად გაათავისუფლა. მოგვიანებით, ჰამასის ტერორისტულ ორგანიზაციის მხრიდან ორივე დღეს 10-10 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, დროებითი ზავი ორი დღით გახანგრძლივდა.

26 ნოემბერს ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ისრაელი მიესალმება ზავის გაგრძელებას იმ პირობით თუ ჰამასი ზავის ყოველ დამატებით დღეს 10 მძევალს გაათავისუფლებს.

კომენტარები