ოჯახში ძალადობა

ცოლზე ბავშვის თანდასწრებით იძალადა – პენიტენციურის ოფიცერს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ ოჯახში ძალადობის ფაქტზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 26 ნოემბერს, რუსთავში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელმა მ. ლ.-მ, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მეუღლის ე. მ.-ს მიმართ, მათივე მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ძალადობა განახორციელა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - აცხადებს პროკურატურა.

საგამოძიებო უწყება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს.

კომენტარები