2023 წლის პოლონეთის საპარლამენტო არჩევნები

პოლონეთის პრეზიდენტმა მორავიეცკის მთავრობა დაამტკიცა, ოპოზიცია დუდას ნაბიჯს ფარსს უწოდებს

პოლონეთის მოქმედი პრემიერი, მატეუშ მორავიეცკი და პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ მოქმედი პრემიერმინისტრის, მატეუშ მორავიეცკის მთავრობა დაამტკიცა. ოპოზიციური პარტიები კი დუდას გადაწყვეტილებას "ფარსს" უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტის მიზანი ხელისუფლების გადაბარების გაჭიანურებაა.

დუდასა და მორავიეცკის პარტია კანონი და სამართლიანობა ოქტომბერში გამართულ არჩევნებში პირველ ადგილზე გავიდა, თუმცა, უმრავლესობისთვის საჭირო მანდატები ვერ მოაგროვა და სავარაუდოა, რომ მისი მთავრობა პარლამენტის ნდობას ვერ მოიპოვებს.

პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად 231 მანდატია საჭირო. დონალდ ტუსკის სამოქალაქო პლატფორმის ირგვლივ შეკრებილმა ოპოზიციური პარტიების ალიანსმა კი 248 მანდატი მოიპოვა და მთავრობის ფორმირებისთვის მზაობა გამოთქვა.

მიუხედავად ამისა, ქვეყნის პრეზიდენტმა მთავრობის ფორმირება ფორმალურად პირველ ადგილზე გასულ პარტიას დაავალა.

"ჩვენ ვიცავთ ტრადიციას იმ მთავრობის დამტკიცებით, რომელიც ჩამოყალიბებულია საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური გუნდის არჩეული კანდიდატის მიერ". - თქვა დუდამ მთავრობის დამტკიცებისას.

მატეუშ მორავიეცკის კაბინეტისთვის ნდობის გამოსაცხადებლად პარლამენტში კენჭისყრა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ჩაინიშნება, თუმცა, მანდატების რაოდენობის გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარლამენტი მის კაბინეტს ნდობას გამოუცხადებს.

ამის შემდეგ კი ქვეყნის პრეზიდენტს პრემიერმინისტრის პოსტზე კიდევ ერთი კანდიდატის წარდგენა მოუწევს. ოპოზიცია იმედოვნებს, რომ ტუსკის კაბინეტი პარლამენტის ნდობას მიიღებს.

კომენტარები