დაპირისპირება ენმ-ში

წითლიძე მელიაზე: ოფიციალური გარიცხვა, გამორიცხვა, ასეთი რაღაც პარტიაში არ ყოფილა

ანა წითლიძე
ტაბულა/ზურაბ ცერცვაძე

ენმ-ის დეპუტატმა, ანი წითლიძემ ნიკა მელიასა და პარტიაში მიმდინარე დაპირისპირების შესახებ თქვა, რომ "ოფიციალური გარიცხვა, გამორიცხვა, ასეთი რაღაც, ყოველ შემთხვევაში, პარტიაში არ ყოფილა". მისივე მტკიცებით, "ჩვენ კი არ მიგვიღია გადაწყვეტილება, გადაწყვეტილება მთელი თავისი პოზიციონირებით, ერთი წელი არის უკვე, მიიღო ნიკა მელიამ".

"იმ დღიდან, როდესაც ჩადგა ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციაში. იურიდიული დოკუმენტი იქნება თუ არა [...] ჩემთვის პირადად, ანი წითლიძისთვის, ნიკა მელია დიდი ხანია აღარ არის პარტიის წევრი" - ამბობს დეპუტატი.


ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარის “ფლანგებს” შორის ერთწლიანი დაპირისპირების შემდეგ, ენმ-მ დაწერა, რომ ნიკა მელია პარტიას აღარ წარმოადგენს და ეს საკითხი დახურულია. მიუხედავად იმისა, რომ ენმ-ის დატოვებაზე ნიკა მელიას საჯარო განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია, პარტიაში ირწმუნებიან, რომ გადაწყვეტილება თავად მელიამ მიიღო.

“მიუხედავად ჩვენი მრავალთვიანი მცდელობისა, რომ ყოფილი თავმჯდომარე დაბრუნებოდა პარტიას, ნიკა მელია არ იზიარებს მანიფესტით გათვალისწინებულ პრინციპებს, აგრძელებს პარტიის დაზიანების კამპანიას და საჯაროდ, თავად აცხადებს, რომ ის “არ არის ნაციონალურ მოძრაობაში“. ფაქტია - ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შედის გადამწყვეტ წინასაარჩევნო რეჟიმში. ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ეს საკითხი დახურულია და პარტია არ აპირებს ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას” - წერს ენმ. 

პარტიამდე იგივე განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა TV ფორმულას ეთერში გააკეთა. მისი მტკიცებით, ნიკა მელია "არ წარმოადგენს ნაციონალურ მოძრაობას, არ არის ნაციონალური მოძრაობის წევრი და ვერ ილაპარაკებს ნაციონალური მოძრაობის სახელით". Მისივე თქმით, “მე არ გამიშვია, მე არ გამიგდია, ეს გადაწყვიტა მან, რომ ის არ არის ნაციონალური მოძრაობის წევრი".

რამდენიმე კვირის წინ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნაციონალური მოძრაობის ყველა წევრს და მხარდამჭერს შესთავაზა, ვარდების რევოლუციის მე-20 წლისთავამდე შეემუშავებინათ მანიფესტი, რომელსაც ერთობლივად მოაწერდნენ ხელს. მისი თქმით, მანიფესტში სხვა საკითხებთან ერთად უნდა ყოფილიყო პარტიული ერთიანობის შეთანხმებაც.

“თუკი ვინმე არ მოისურვებს ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერას, ის ავტომატურად დაიყენებს თავს პარტიის გარეთ და სხვა გზით მოუხდება წასვლა. ჩვენ კი შევძლებთ მომავალზე სრულად კონცენტრირებას. ეს მანიფესტი უნდა იყოს ჩვენი ერთიანობის და განახლების უნარის პრეზენტაცია” - წერდა სააკაშვილი.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 11-პუნქტიანი მანიფესტი 22 ნოემბერს გამოაქვეყნა. მათი განცხადებით, პარტიის პრინციპებთან, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიასთან ერთად, "მანიფესტი პარტიის ერთიანობის დეკლარაციაა, რაც უნდა იქცეს თანმიმდევრული და პროგრესული  შიდადემოკრატიული პროცესების ხელშემწყობ ინსტრუმენტად".

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ე,წ ნიკა მელიას ფლანგს მანიფესტისთვის ხელი არ მოუწერია. ბაჩო დოლიძის თქმით, ინდივიდუალურად გადაწყვეტდნენ, ვინ მოაწერდა ხელს "ერთიანობის დოკუმენტს" და ვინ არა. Მისივე შეფასებით, მანიფესტი არ ასახავს არსებულ რეალობას"

“ვინც არ მოაწერს ხელს, როგორ ფიქრობთ, ამდენი ადამიანი იქნება გარიცხული პარტიიდან? აქ ხომ ათი ათასობით ადამიანზეა საუბარი?" - თქვა დოლიძემ.

მანიფესტის გამოქვეყნებამდე ორი დღით ადრე ექსპრეზიდენტი ამბობდა, რომ ენმ-ის არჩეული პოლიტსაბჭო ლეგიტიმურია, “მაგრამ ჩვენ ვიჩქარეთ ვიღაც ადამიანების გაშვება”. სააკაშვილმა მათ მოუწოდა, დაბრუნებულიყვნენ პოლიტსაბჭოში კოჰაბიტაციის გზით.

"ჩავკიდოთ ისევ ერთმანეთს ხელი, ჩავერთოთ გადაწყვეტილების მიღებაში, იმიტომ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი და მე ვარ გარანტი იმისა, რომ თქვენ იქნებით ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების და ინიციატივის ნაწილი” - თქვა სააკაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა, პარტიის წევრების ნაწილი პოლიტსაბჭოდან ჩახსნეს და არც ახალ პოლიტსაბჭოში შეიყვანეს. მათ შორის, ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია. ენმ-ის რამდენიმე წევრმა კი, ახალი პოლიტსაბჭო თავად დატოვა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს და თავმჯდომარის “ლეგიტიმურობაზე” მიხეილ სააკაშვილი იქამდეც საუბრობდა და “კატეგორიულად ვერ იზიარებდა ზოგიერთ მოსაზრებას”, რომ ლევან ხაბეიშვილს, პეტრე ცისკარიშვილს და პარტიის პოლიტსაბჭოს ლეგიტიმაციის ნაკლებობა აქვს.

ამასთან, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 3 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე, სადაც დისტანციურად ჩაერთო, თქვა, რომ "პარტიის შიგნიდან თუ გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ვიდრე პარტია შიგნიდან დაასუსტოთ".

სააკაშვილის განცხადებას ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ იმავე დღეს უპასუხა და დაწერა, რომ "თქვა და გააკეთე, არ არის გზა, რომლითაც მე დავდივარ".

5 ნოემბერს კი, მიხეილ სააკაშვილმა განმარტა, რომ სასამართლო პროცესზე მხოლოდ “პარტიის მდგომარეობასა და პერსპექტივებზე” საუბრობდა, ხოლო ნიკა მელიას "დამსახურებასა და მის შესაძლებლობაზე” მაღალი წარმოდგენისაა. თუმცა, ეს FB-პოსტი მისი გვერდიდან მალევე გაქრა, პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა და მისმა მომხრეებმა კი განაცხადეს, რომ 3 ნოემბრის გამოსვლაში სააკაშვილი ნამდვილად პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას გულისხმობდა.

"სრულიად საზოგადოებამ ასე გაიგო და არ არსებობს მეორე ადამიანი, ვინც იტყვის, რომ ეს ნიკა მელიას არ ეხებოდა” - ამბობდა ხაბეიშვილი.

კომენტარები