ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი

გაგლოევი: არ გვაინტერესებს სომხეთის პრემიერის აზრი, მან საკუთარ ხალხს უღალატა

TASS

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტი მეთაური, ალან გაგლოევი სომხეთის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს სომეხი ერის ღალატში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მისი აზრი არ აინტერესებს.

"პატივს ვცემთ სომეხ ერს, რომელთანაც მრავალსაუკონოვანი მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს, მაგრამ ჩვენ არ გვაინტერესებს აზრი სომხეთის პრემიერმინისტრისა, რომელმაც მთიანი ყარაბაღი რთულ ვითარებაში მიატოვა. მან საკუთარ ხალხსვე უღალატა, უმრავლესად ეროვნულად სომხებს, რომლებიც სომხეთისგან დახმარებას ელოდნენ. ფაშინიანმა ვერ გამოიჩინა გამბედაობა, ეღიარებინა არცახის დამოუკიდებლობა. ასეთი პოლიტიკოსების აზრი არ გვაინტერესებს". – თქვა გაგლოევმა.

მარიონეტის თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციისა და სხვა ქვეყნების მიერ აღიარებული "დამოუკიდებელი სახელმწიფოა" და "ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს".

აქამდე, 24 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ სომხეთი სრულყოფილად და ერთხმად უჭერს მხარს საქართველოს მთლიანობას, სახელმწიფოებრიობასა და დემოკრატიულობას.

19 სექტემბერს აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ერთდღიანი საბრძოლო მოქმედებების შემდეგ სეპარატისტებმა კაპიტულაცია გამოაცხადეს. სომხეთი საბრძოლო მოქმედებებში არ ჩართულა. 28 სექტემბერს თვითგამოცხადებული არცახის, იგივე მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა, სამველ შაჰრამანიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც 2024 წლის 1-ელი იანვრიდან სეპარატისტული რეჟიმი არსებობას შეწყვეტს. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღზე ფაქტობრივად სრული კონტროლი დაამყარა, ადგილობრივმა მოსახლეობამ რეგიონის დატოვება დაიწყო. ყარაბაღიდან სომხეთში ათიათასობით ლტოლვილი ჩავიდა.

კომენტარები