რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩრდილოეთ მაკედონია ლავროვს ეუთოს მინისტერიალზე დასწრების საშუალებას მისცემს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მოსკოვში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან ერთად გამართული პრესკონფერენციისას, 2023 წლის 31 აგვისტო.
REUTERS/Maxim Shemetov/Pool/File Photo

ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობამ რუსულ თვითმფრინავებს დროებით მის ტერიტორიაზე დაშვების უფლება მისცა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს სკოპიეში დაგეგმილ ეუთოს მინისტერიალზე დასწრების საშუალებას მისცემს.

როგორც ხელისუფლების განცხადებაშია აღნიშნული, შეზღუდვის დროებითი შეჩერება 29 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე იმოქმედებს. აღნიშნულ დღეებში ჩრდილოეთ მაკედონია დედაქალაქ სკოპიეში ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უმასპინძლებს.

"ეს დამატება შეესაბამება ევროკავშირის რეგულაციას და შემაკავებელი ზომების დებულებებს, რომლებიც ითვალისწინებენ გამონაკლისს საერთაშორისო კონფერენციებისთვის, როგორიცაა ეუთოს სამიტი სკოპიეში". - წერია განცხადებაში.

ეუთოს მინისტერიალზე რუსეთის დელეგაციაში მინისტრთან ერთად, კიდევ 17 რუსი დიპლომატი, მათ შორის, პრესსპიკერი, მარია ზახაროვა და 24 რუსი ჟურნალისტი შედიან.

ჯერჯერობით უცნობია დათანხმდება თუ არა სერგეი ლავროვი ეუთოს მინისტერიალზე მიწვევას, რომელიც როგორც ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბუჯარ ოსმანის თქმით, რუს დიპლომატს გასულ კვირაში გაუგზავნეს.

2022 წელს ეუთოს მინისტერიალს პოლონეთი მასპინძლობდა, მაშინ ვარშავამ სერგეი ლავროვის ქვეყანაში შეშვებაზე უარი თქვა.

კომენტარები