განათლების სამინისტრო

სკოლის კვებით ობიექტებში აიკრძალა შოკოლადის, ყავის და სხვა პროდუქტების გამოყენება

Netgazeti

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, "ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის დადგენილი მინიმალური მოთხოვნები" დამტკიცდა.  

მოთხოვნები გულისხმობს, როგორც რეკომენდაციებს, ისე აკრძალვებს. შესაბამისი განკარგულების დანართში ნათქვამია, რომ "აკრძალულია ტკბილი და გაზიანი სასმელების შეტანა (მათ შორის ხილის სასმელების, გაზიანი/უალკოჰოლო სასმელების, აღდგენილი სასმელების, ენერგეტიკული სასმელების) და გამოყენება. კვებისათვის შერჩეული უნდა იქნეს დაბალი ცხიმის შემცველობის სურსათი".

ბრძანების დადგენილებაში საუბარია სკოლის კვების ობიექტის თანამშრომელთა პირადი ჰიგიენის, მათ შორის სპეციალური ტანსაცმლის ტარებისა და პირადი ჰიგიენის წესების დაცვის შესახებ. 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ჯანსაღი კვებითი უნარ-ჩვევების განვითარებისთვის, სკოლის კვებით ბლოკში აკრძალულია შემდეგი პროდუქტების გამოყენება:

  • საღეჭი რეზინი, კანფეტები, შოკოლადი, არომატიზებული წასახემსებლები (მაგ.: ჩიფსები, ჟელიბონი და სხვა);
  • მარილიანი, შაქრიანი ან ცხიმით დამუშავებული თხილეული, ხილი და ბოსტნეული;
  • მაიონეზი და მაიონეზით შეზავებული პროდუქტები;
  • დაკონსერვებული პროდუქტები;
  • თერმულად დაუმუშავებელი კვერცხი;
  • სოკო ნებისმიერი ფორმით;
  • კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი;
  • ტკბილი გაზიანი სასმელები;
  • ყავა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, "შესაბამისი სახელმწიფო უწყებების გარდა, სკოლის კვების ობიექტს, ყოველდღიურ მონიტორინგს გაუწევს სკოლის მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება საბაზო და/ან საშუალო საფეხურის მოსწავლეებით, სკოლის მოსწავლეთა მშობლებით, მასწავლებლებით (სასურველია ბიოლოგიის), სკოლის ექიმი/ექთნით და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებით".

კომენტარები