ნიდერლანდები

ეგზიტპოლები: ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტია ლიდერობს

ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნებში ეგზიტპოლების მიხედვით, ხერტ ვილდერსის ულტრამემარჯვენე და პოპულისტური თავისუფლების პარტია ლიდერობს.

ვილდერსის პარტიამ ეგზიტპოლების თანახმად იმაზე მეტ გაცილებით დიდ წარმატებას მიაღწია, ვიდრე ამას წინასაარჩევნო კვლევები აჩვენებდა. 

ეგზიტპოლების მიხედვით, თავისუფლების პარტია 150-ადგილიან პარლამენტში 35 მანდატს მიიღებს, 9-ით მეტს ვიდრე მეორე ადგილზე მყოფი ევროკომისიის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, ფრანს ტიმერმანსის მწვანე მემარცხენეებისა და ლეიბორისტების ალიანსი.

მესამე ადგილს კი მოქმედი პრემიერმინისტრის, მარკ რუტეს კონსერვატიული სახალხო თავისუფლებისა და დემოკრატიის პარტია იკავებს, რომელიც 23 მანდატს მიიღებს.

მიმდინარე წლის ივლისში 13-წლიანი მმართველობის შემდეგ მარკ რუტემ მისი უკანასკნელი მინისტრთა კაბინეტი მიგრაციის საკითხზე უთანხმოების გამო დაშალა, რის შედეგადაც ქვეყანაში ახალი არჩევნები დაინიშნა.

"საკმარისია. ნიდერლანდები ამას ვეღარ გაუძლებს. ჩვენ პირველ რიგში საკუთარ ხალხზე უნდა ვიფიქროთ. საზღვრები დაკეტილია. ნული თავშესაფრის მაძიებლები". - თქვა ვილდერსმა არჩევნებამდე გამართულ სატელევიზიო დებატებში.

როგორც Reuters აღნიშნავს, ვილდერსი ცნობილია მისი მხურვალე ანტი-ისლამური პოლიტიკით. 2014 წელს კი ის ნიდერლანდურმა სასამართლომ კამპანიის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს მაროკოელების შეურაცხყოფის გამო დისკრიმინაციის ბრალდებით გაასამართლა.

სავარაუდოა, რომ ვილდერსი მთავრობის ჩამოყალიბების მიზნით სხვა პარტიებთან მოლაპარაკებებს პარასკევს დაიწყებს. პოპულისტი ლიდერის თქმით, მას ქვეყნის მართვა სურს, თუმცა, პარლამენტში უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად სხვა პარტიებთან კოალიციის გაფორმება და თანამშრომლობა მოუწევს. მთავრობის ფორმირების პროცესი ხშირ შემთხვევაში თვეების განმავლობაში გრძელდება.

კომენტარები