აშშ-ს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

აშშ-მ სანქციები "ბუჩელ ყასაბს" და რუსეთის არმიის კიდევ ერთ სამხედროს დაუწესა

Shutterstock

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ორ რუს სამხედროს უკრაინის ქალაქებში - ბუჩასა და ანდრეევკაში ჩადენილი დანაშაულის გამო. ამის შესახებ აშშ-ს სახდეპის განცხადებაშია აღნიშნული. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა რუსეთის არმიის პოლკოვნიკი აზატბეკ ომურბეკოვი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც "ბუჩელი ყასაბი" და კიდევ ერთი რუსი სამხედრო - დანიილ ფროლკინი. მას სანქციები ანდრეევკაში უიარაღო მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობისთვის დაუწესდა. 

"პოლკოვნიკი ომურბეკოვი იყო რუსეთის 64-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც რუსეთის ძალები აკონტროლებდნენ უკრაინის ქალაქ ანდრეევკას.

მოგვიანებით ომურბეკოვი ბრიგადას ბუჩაში, უკრაინაში ხელმძღვანელობდა, სადაც, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადგინა, 64-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავდა, სცემდა, ანაწევრებდა, წვავდა და მათი ჩამოხრჩობის იმიტაციას აწყობდა". - ნათქვამია სახდეპის განცხადებაში. 

როგორც აშშ-ს სახდეპის ანგარიშშია აღნიშნული, ომურბეკოვს, ფროლკინს და მათ ოჯახის წევრებს ეკრძალებათ აშშ-ში შესვლა.

2022 წლის აპრილში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 64-ე მოტომსროლელ ბრიგადას "გამოჩენილი გმირობისთვის" გვარდიის სტატუსი მიანიჭა, ხოლო რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დააწინაურა ომურბეკოვი და შეაქო მისი ხელმძღვანელობა.

რუსმა სამხედროებმა ქალაქი ბუჩა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე დაიკავეს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა კი იგი 2022 წლის მარტში გაათავისუფლეს.

კომენტარები