ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჰეზბოლას სამიზნეებზე ლიბანში იერიშები მიიტანა

ისრაელის ავიაგამანადგურებლები საბერძნეთში ჩატარებულ საავიაციო საერთაშორისო წვრთნებზე, 2022 წლის 3 აპრილი.

ისრაელის თავდაცვის ძალებში (IDF) ადასტურებენ, რომ ჰეზბოლას რამდენიმე სამიზნეზე ლიბანის სამხრეთში იერიშები მიიტანეს. როგორც უწყებაში ამბობენ, ეს დაჯგუფების მიერ ჩრდილოეთ ისრაელზე მიტანილი განმეორებითი თავდასხმების პასუხია. 

ისრაელის არმიაში ამბობენ, რომ სამიზნეებს შორის იყო სამხედრო დაწესებულებები და სამეთვალყურეო პოსტები. ამას გარდა, ცალკე გამოაქვეყნეს ცნობა, რომ იერიში მიიტანეს ლიბანში ჰეზბოლას თანამედროვე მიწა-ჰაერის ტიპის სარაკეტო სისტემაზე. IDF-ის ცნობით, ამ სისტემამ ისრაელის დრონს გასულ ღამეს რაკეტა ესროლა. საბრძოლო მასალა საჰაერო თავდაცვამ უვნებელყო და ისრაელის უპილოტო საფრენი აპარატი არ დაზიანებულა.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს 200-მდე მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა. 7 ოქტომბრის მოვლენებს 1 200-მდე ისრაელელი ემსხვერპლა. დახოცილთა ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

22 ოქტომბერს ღაზის სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. პროცესს ისრაელი აკონტროლებს, რათა მხოლოდ საკვები და სამედიცინო პროდუქტები შეიტანონ. აკრძალულია საწვავის შეტანა.

28 ოქტომბერს ისრაელმა, მას შემდეგ, რაც საჰაერო იერიშების რიცხვი გაზარდა და სახმელეთო ოპერაციის არეალი გააფართოვა, ომის მეორე ფაზა დაიწყო. სახმელეთო ოპერაციის ფარგლებში, ნოემბერში IDF-ის ძალები ქალაქ ღაზაში შევიდნენ. ღაზის სექტორი ჯერჯერობით შუაზეა გაყოფილი. 16 ნოემბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ქალაქის დასავლეთ ნაწილი სრულად დაიკავეს და ომის ახალი ფაზა დაიწყო.

კომენტარები