ბავშვზე ძალადობა

თბილისის 164-ე ბაღში 3 წლის ბავშვზე სავარაუდო ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

თბილისში 164-ე ბაგა-ბაღში 3 წლის ბავშვის მიმართ ჩადენილ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. მომხდართან დაკავშირებით პოლიციას ბავშვის მშობელმა, მანჩო ეუაშვილმა მიმართა. ბაგა-ბაღების სააგენტოს ცნობით, აღმზრდელის თანაშემწე სამსახურიდან გათავისუფლებულია.

როგორც მშობელი ტაბულასთან საუბარში ამბობს, სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერებში ძალადობის ორი ეპიზოდი ჩანს, სადაც აღმზრდელის თანაშემწე ბავშვს თმით ათრევს და ფეხს არტყამს. მშობლის თქმით, ძალადობის ფაქტზე რეაგირება დაგვიანებული იყო და მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქმე დირექტორის შვილიშვილს შეეხო.  

"გავიგეთ, რომ ჩვენი ჯგუფის აღმზრდელი სამსახურიდან გაათავისუფლეს ბავშვის ცემის გამო. მივედი ბაღში, კამერის ჩანაწერები მაჩვენა დირექტორმა. ორივე კადრში ჩემი შვილია, რომელსაც უსწორდებიან ფიზიკურად. პირველ კადრში ჩანს, რომ ბავშვს ძიძამ თმებში ხელი მოკიდა და გადაათრია. მეორე კადრში ბავშვი ზის მშვიდად, მასწავლებელმა ფეხი ჩაარტყა და რასაც ჰქვია, გასრისა. მეორე აღმზრდელი ამ ყველაფერს უყურებდა - ესეც თანამონაწილეობაა და დამალვა ამ ფაქტის. 

ამის გამო ვუჩივი, ვუჩივი დირექტორსაც, რადგან ეს ამბავი დაფარა. 7-8 რიცხვში იყო მომხდარი ფაქტი, მასწავლებელი გაათავისუფლა 13 რიცხვში, რეაგირება არ იყო მაშინვე. გამოვიძახე პოლიცია და იმედი მაქვს, რეაგირება იქნება. გამოძიებამ უკვე დაკითხა მასწავლებლები. 

კამერის ჩანაწერები ამ ეტაპზე არ მაქვს, დღეს ვიყავი დირექტორთან და მითხრა, რომ გამოძიებამ ამოიღო. მე გამოვითხოვ კადრებს ადვოკატის დახმარებით. სანამ არ გათავისუფლდება დირექტორი და საკადრისი პასუხი არ მიეზღვება ყველას, არ გავჩერდები. 

დირექტორმა რეაგირება იმიტომ მოახდინა, რომ მის შვილიშვილს შეეხო საქმე. კადრებში ჩანს, რომ დირექტორის შვილიშვილი გამოდის საპირფარეშოდან, ხელები აქვს აფარებული სახეზე, თავზე და ისე გამოდის. საპირფარეშოში კამერები არ დგას, როგორც ჩანს, ეს ფაქტი არ მოეწონა დირექტორს და ამის შემდეგ ამხილა მასწავლებელი. იქამდე, ჩემს შვილზე ძალადობა არაფერი იყო და მის შვილიშვილს რომ არ შეხებოდა, გააგრძელებდა ხელის დაფარებას" - ამბობს ბავშვის მშობელი მანჩო ეუაშვილი. 

ტაბულა დაუკავშირდა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს. მათი თქმით, "თბილისის N164 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორმა სააგენტოს აცნობა, რომ საბავშვო ბაღში დაფიქსირდა ერთ-ერთი თანამშრომლის მხრიდან აღსაზრდელის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტი. აღმზრდელის თანაშემწე გათავისუფლებულია სამსახურიდან. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების შედეგებიდან გამომდინარე სააგენტო გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს".

შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიება დაწყებულია 126-11 მუხლით, რაც გულისხმობს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანზე ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის დაზიანება.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

კომენტარები