მაჰაჩყალის აეროპორტი

მაჰაჩყალის აეროპორტის საქმეზე დაკავებულთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა

დაღესტნის აეროპორტი
RCB

მაჰაჩყალის აეროპორტში მოწყობილი ანტისემიტური დემონსტრაციის საქმეზე დაკავებულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა. ამის შესახებ მედიაზონა დაღესტნის უზენაესი სასამართლოს მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

ამჟამად სასამართლო მონაცემთა ბაზაში შეტანილია 27 საჩივარი მასობრივ არეულობაში მონაწილეობის მუხლით დაკავებებთან დაკავშირებით. სასამართლომ უკვე განიხილა 17 საჩივარი და დემონსტრაციის მონაწილეები წინასწარ პატიმრობაში დატოვა. წინა დღით სასამართლოს პრესსამსახურში მედიაზონას დაუდასტურეს, რომ დაკავებები მაჰაჩყალის აეროპორტში დემონსტრაციას უკავშირდებოდა.

მანამდე დაღესტანში სულ მცირე 336 ოქმი წარადგინეს ანტისემიტური არეულობების მონაწილეთა წინააღმდეგ ადმინისტრაციული ბრალდებებით - ძირითადად აქციის გამართვის წესების დარღვევის მუხლით.

29 ოქტომბერს მაჰაჩყალის აეროპორტში თელ-ავივიდან ჩამოსულ რეისს ანტისემიტურად განწყობილი ბრბო დახვდა. დემონსტრანტები აეროპორტის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და ებრაელებს ეძებდნენ. როგორც მომსწრეები ამბობენ, ისინი ყველა შენობაში შედიოდნენ. მათ ასაფრენ ბილიკზე შეღწევაც შეძლეს და თელ-ავივიდან ჩამოფრენილ თვითმფრინავში შეღწევას ცდილობდნენ. ბრბოს მიერ მოწყობილი ანტისემიტური რეიდის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

კომენტარები