რატის ბარი

რატის ბარის მიმდებარედ დანით ორ დაზარალებულს ჭრილობა მიაყენა – 1 პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, რატის ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყება მას დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას, ჯანმრთელობის დაზიანებასა და ხულიგნობის ფაქტს ედავება.

"შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 13 ნოემბერს, თბილისში, რატის ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა სრულიად უმიზეზოდ,ხულიგნური ქვენა გრძნობით დანით ორ დაზარალებულს დაზიანებები, მათ შორის, ერთ-ერთს სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობა მიაყენა. ასევე, ბრალდებულმა სხვა პირებთან ერთად მესამე დაზარალებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა". - წერია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ხულიგნური ქვენა გრძნობით) 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ხულიგნური ქვენა გრძნობით) და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ინფორმაციით, უწყება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

უწყების განცხადებით, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენის მიზნით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

კომენტარები