ენმ

ენმ: ჩვენი კონსულტანტი დაუსაბუთებლად არ შემოუშვეს, ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ენმ-სა და სტრატეგია აღმაშენებლის პოლიტიკური კონსულტანტი, ბრიტანეთის მოქალაქე ბენ მალეტი საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს. ენმ-ს მტკიცებით, სასაზღვრო პოლიცია "ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და კანონიერი საფუძვლის გარეშე" მოქმედებდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტია აპირებს, გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ყველა დიპლომატიურ-სამართლებრივ ბერკეტს მიმართოს.

"2023 წლის 12 ნოემბერს საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ, რომელიც როგორც ყველა სხვა უწყება, სუს-ის არაფორმალური მმართველობის ქვეშაა, ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და კანონიერი საფუძვლის გარეშე, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე უარი უთხრა ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და სტრატეგია აღმაშენებლის პოლიტიკურ კონსულტანტ ბენ მალეტს, რომელიც დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეა.

შესაბამისი უწყებების მიერ, ბენ მალეტისთვის ყოვლად დაუსაბუთებელი ოფიციალური დოკუმენტის გადაცემის შემდეგ, სადაც მინიმალური მითითებაც კი არ იყო გაკეთებული მისი არშემოშვების მიზეზესთან დაკავშირებით, ე.წ. "უსაფრთხოების სამსახურების" მხრიდან მის მიმართ გაკეთდა ღია მოწოდება სასწრაფოდ სხვა სახელმწიფოში გამგზავრებასთან დაკავშირებით.

ბენ მალეტი თბილისში სულ რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა, რა დროსაც პოლიტიკურ კონსულტირებას უწევდა ჩვენ პარტიას. გუშინ ბენი თბილისში სწორედ მორიგი პოლიტიკური კონსულტაციების გასამართად მოემართებოდა.

ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ ყველა დიპლომატიურ თუ სამართლებრივ ბერკეტს, არსებული უკანონო და სამარცხვინო გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ. აღნიშნული ნაბიჯი სრულად ეწინააღმდეგება 2024 წლის საარჩევნო კამპანიის დემოკრატიულ და თავისუფალ პირობებში ჩატარების პრინციპებს.

"რუსულ ოცნებას" პანიკურად ეშინია გამჭვირვალობის, დასავლური პოლიტიკური კამპანიების გამოცდილების, მაგრამ მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, უცხოელ მრჩევლებთან და კონსულტანტებთან ერთად, აუცილებლად შეძლებს იმ მიზნის მიღწევას, რომელსაც დამოუკიდებელი, თავისუფალი, ევროპული და დემოკრატიული საქართველო ჰქვია". - წერია ენმ-ს განცხადებაში.

12 ნოემბრის საღამოს ენმ-ს თავნმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მალეტი საზღვარზე შეაყოვნეს და მას საქართველოში არ უშვებდნენ.

ბენ მალეტისათვის საქართველოში შემოსვლაზე უარის საკითხს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძეც გამოეხმაურა და გადაწყვეტილებას "სტანდარტული პროცედურა" უწოდა.

"ეს დეტალები, ეხლა მე ასე საქმის კურსში არ ვარ და სიღრმეებში არ ვიცი, მაგრამ, ზოგადად, ეს არის სტანდარტული პროცედურა. არაერთი ჩვენი მოქალაქე, რომელიც ევროპაში მოგზაურობს, ყოფილან მსგავსი ფაქტის მომსწრე, როდესაც არ უშვებენ ქვეყანაში და აბრუნებენ უკან". - თქვა დარახველიძემ. 

კომენტარები