ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

საფრანგეთში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მარშს 180 000-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა

საფრანგეთის პრემიერმინისტრი ელისაბედ ბორნი, სენატის თავმჯდომარე ჟერარდ ლარშე, ეროვნული ასამბლეის სპიკერი იაელ ბრაუნ-პივე, ასევე ყოფილი პრეზიდენტები ფრანსუა ოლანდი და ნიკოლა სარკოზი ანტისემიტიზმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე, 12 ნოემბერი, 2023
Claudia Greco, Reuters

12 ნოემბერს საფრანგეთში 180 000-ზე მეტი ადამიანი ქვეყანაში ჰამას-ისრაელის ომის ფონზე მომატებული ანტისემიტიზმის გასაპროტესტებლად გამოვიდა. მოსახლეობას გამოსვლისკენ პარლამენტის ორივე პალატის ლიდერებმა მას შემდეგ მოუწოდეს, რაც ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმიდან დღემდე,  საფრანგეთში ანტისემიტიზმის შემთხვევები სამჯერ გაიზარდა.

ანტისემიტიზმის წინააღმდეგ აქციას თითქმის ყველა მოწინავე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი შეუერთდა. მსვლელობას წინ გაუძღვნენ საფრანგეთის პრემიერმინისტრი ელისაბედ ბორნი, სენატის თავმჯდომარე ჟერარდ ლარშე, ეროვნული ასამბლეის სპიკერი იაელ ბრაუნ-პივე, ასევე ყოფილი პრეზიდენტები ფრანსუა ოლანდი და ნიკოლა სარკოზი. აქციაზე ასევე მივიდა მარინ ლე პენი, რომელმაც მხარდაჭერებს აქციაზე მისვლისკენ 9 ოქტომბერს მოუწოდა.

მემარცხენე პარტიის დაუმორჩილებელი საფრანგეთის ლიდერების თქმით, ისინი მარშს არ შეუერთდებოდნენ. ჟან-ლუკ მელანშონმა X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) დაწერა, რომ ანტისემიტიზმის წინააღმდეგ აქცია "ღაზელების ხოცვის უპირობო მომხრეთა შეხვედრა" იქნებოდა.

ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმიდან დღემდე, დასავლეთის ქვეყნებში საგრძნობლად გაიზარდა ანტისემიტიზმის შემთხვევები. მაგალითად, საფრანგეთის ოფიციალური პირების თქმით, 7 ოქტომბრის შემდეგ 1040-მდე ანტისემიტური ქმედება დაფიქსირდა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ჟერალდ დარმანინის ცნობით, ამგვარი სამართალდარღვევებისთვის საფრანგეთში 486 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 102 უცხოელი იყო.

ამასთანავე, დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში მასობრივი პროპალესტინური აქციები იმართება. 21 ოქტომბერს გავრცელებული ცნობით, ლონდონში პროპალესტინურ დემონსტრაციაზე 100 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს 200-მდე მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა. 7 ოქტომბრის მოვლენებს 1 200-მდე ისრაელელი ემსხვერპლა. დახოცილთა ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

22 ოქტომბერს ღაზის სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. პროცესს ისრაელი აკონტროლებს, რათა მხოლოდ საკვები და სამედიცინო პროდუქტები შეიტანონ. აკრძალულია საწვავის შეტანა.

28 ოქტომბერს ისრაელმა, მას შემდეგ, რაც საჰაერო იერიშების რიცხვი გაზარდა და სახმელეთო ოპერაციის არეალი გააფართოვა, ომის მეორე ფაზა დაიწყო.

კომენტარები