ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჰამასი: ჩვენი მიზანი არ არის ღაზის წყლით ან დენით მომარაგება, მსოფლიო გამოვაღვიძეთ

ჰამასის პოლიტბიუროს წევრი, ხალილ ალ-ჰაია
Middle East Monitor

The New York Times-თან ინტერვიუში ჰამასის პოლიტბიუროს წევრმა, ხალილ ალ-ჰაიამ თქვა, რომ მათ მიზანს ღაზაში წარმოადგენს არა რესურსების ადმინისტრირება და სიტუაციის გამოსწორება, არამედ "პალესტინის საკითხის" წინა ფონზე წამოწევა და მდგომარეობის რადიკალური ძალადობრივი ცვლილება. 

"ჰამასის მიზანი არ არის, რომ მართოს ღაზა და ელექტროენერგია ან წყალი მიაწოდოს. ჰამასმა, ყასამმა და წინააღმდეგობამ მსოფლიო ღრმა ძილიდან გამოაღვიძა და აჩვენა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში უნდა დარჩეს. [...] [ეს ბრძოლა] ღაზაში სიტუაციის გამოსწორებას მიზნად არ ისახავდა. ეს ბრძოლა არის იმისთვის, რომ სიტუაცია სრულიად გარდაქმნას". – თქვა ჰაიამ. 

მისივე თქმით, მასობრივი სისხლისღვრის მიუხედავად 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის შედეგებით კმაყოფილნი არიან და სასურველ შედეგს მიაღწიეს, კერძოდ რეგიონში "მთლიანი განტოლება შეცვალეს" და "პალესტინის საკითხი" კვლავ აქტუალური გახადეს.

"წარმატებით დავაბრუნეთ პალესტინის საკითხი დღის წესრიგში და ახლა რეგიონში აღარავინ არის მშვიდად". – თქვა ალ-ჰაიამ. 

მანვე დაამატა, რომ თუ რეგიონში ომი მუდმივ სახეს მიიღებს და მასში სხვა არაბული ქვეყნებიც ჩაერთვებიან, ეს ჰამასისთვის დადებითი შედეგი იქნება.

"იმედი მაქვს, ისრაელთან ომის მდგომარეობა ყველა საზღვარზე პერმანენტული გახდება და არაბული სამყარო დადგება ჩვენ გვერდით". – თქვა ალ-ჰაიამ.

The New York Times-ის ინფორმაციით, ერთი რეგიონული უსაფრთხოების ექსპერტის ანალიზიც ადასტურებს ჰამასის მხრიდან არაბული სამყაროს მხარდაჭერაზე დამყარებულ იმედებს. მისი თქმით, ჰამასი მოელოდებოდა, რომ თავდასხმის შემდეგ პალესტინელები სხვაგანაც მიიტანდნენ იერიშს ისრაელზე, არაბული ქვეყნების მოსახლეობა დაუპირისპირდებოდა საკუთარ მთავრობებს და ჰამასის მოკავშირე ჰეზბოლა მათთან ერთად ბრძოლაში ჩაერთვებოდა.

"განტოლების შეცვლა დიდ ქმედებას შეეძლო და ეჭვგარეშეა, რომ ვიცოდით, ამ დიდ ქმედებაზე რეაქცია დიდი იქნებოდა". – თქვა ალ-ჰაიამ.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს 200-მდე მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა. 7 ოქტომბრის მოვლენებს 1 400-მდე ისრაელელი ემსხვერპლა. დახოცილთა ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

22 ოქტომბერს ღაზის სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. პროცესს ისრაელი აკონტროლებს, რათა მხოლოდ საკვები და სამედიცინო პროდუქტები შეიტანონ. აკრძალულია საწვავის შეტანა.

28 ოქტომბერს ისრაელმა, მას შემდეგ, რაც საჰაერო იერიშების რიცხვი გაზარდა და სახმელეთო ოპერაციის არეალი გააფართოვა, ომის მეორე ფაზა დაიწყო.

კომენტარები