კანდიდატის სტატუსი

გავხსნით ორბელიანების სასახლეს – პრეზიდენტმა წარადგინა პეტიცია - ჩვენი ხმა ევროპას

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პეტიცია შექმნა, რომლითაც ევროპის ლიდერებს დეკემბერში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სთხოვს. ხელმოწერების კამპანია - ჩვენი ხმა ევროპას - ზურაბიშვილმა 8 ნოებერს, ორბელიანების სასახლეში წარადგინა.

"ეს კამპანია უნდა გაიშალოს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ და ყველამ უნდა შეძლოს ხელმოწერა, მისაღებია ყველანაირი ინიციატივა.

ვისაც სურვილი აქვს, დღესაც შესაძლებელია ხელი მოაწეროს ამ მიმართვას, ხვალიდან კი, ხელმოწერებისთვის გავხსნით ორბელიანების სასახლეს. ვისაც ფიზიკურად სურს მოსვლა და ხელმოწერა, შეუძლია მოვიდეს, ჩვენ ასევე გამოვიყენებთ ყველანაირ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და პლატფორმას - აქ [ბანერზე] მითითებულია QR კოდი, რითაც შეგიძლიათ გადახვიდეთ საიტზე და მიმართვას ონლაინ მოაწეროთ ხელი.

ამ მხრივ, მინდა მივმართო ჩვენს დიასპორას - მათი როლი ძალიან დიდია, რადგან ისინი უკვე არიან ევროპაში, ან სხვაგან, მაგრამ ძირითადად ევროპაში, მათ აქვთ ვალდებულება, რომ ჩვენთან ერთად მოითხოვონ ის, რასაც თვითონ უკვე კარგად გაეცნენ, რითაც ისინი უკვე სარგებლობენ - ეს არის ქვეყნის მომავალი და არ შეიძლება, ისინი ამ წამოწყების სრულად მონაწილენი არ იყვნენ.

ძალიან დიდი იქნება რეგიონების როლი. იმედი მაქვს, რომ მრავალმხრივი ინიციატივები იქნება გამოხატული და სადაც საჭიროდ ჩათვლიან, იქ შევუერთდები მათ, მაგრამ ყველა თავისუფალია. აქ მთავარია თავისუფლება და თავისუფლების გამოხატვა ერთიანობასთან ერთად. რადგან ინიციატივებზე ვსაუბრობთ, გეტყვით, რომ აქ, სასახლეში იქნება დარგობრივი და სხვადასხვა სფეროების წარმომადგენლების შეხვედრები. სხვადასხვა ჯგუფი მოვა სასახლეში, ხელს მოაწერს და გამოხატავს თავიანთ ევროპულობას...

ხელმოწერების პროცესი ღიაა ყველასთვის. დღეს ჩვენ ყველა დავპატიჟეთ აქ - პოზიციაც და ოპოზიციაც.  არ ვიცი, ყველა მოვიდა თუ არა, მაგრამ მგონია, რომ ჩვენ აქ ერთიანობის სურათს ვიძლევით. ხელმოწერა ღიაა ყველასათვის. პოლიტიკური თუ რელიგიური მსოფლმხედველობის მიუხედავად, ყველამ უნდა მოაწეროს ხელი, რადგან ეს ყველას მომავალია, ეს საქართველოს მომავალია. ახლა მინდა წაგიკითხოთ ჩვენი მიმართვა და შემდეგ მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, პირველი მოვაწერ ხელს და ხელმოწერები გაიხსნება" - თქვა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის შექმნილი პეტიციის მიხედვით:

"ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მოგმართავთ თქვენ - ევროპის ლიდერებს - დეკემბრის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე. გვსურს მოგაწვდინოთ ჩვენი, ხალხის ერთობლივი ხმა და დაგანახოთ ჩვენი ერთობლივი სულისკვეთება.

მოგმართავთ, მიანიჭოთ ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, თანახმად საქართველოსა და მისი ხალხის მრავალწლიანი მიზანმიმართული სწრაფვისა და ურყევი ნებისა. საქართველოს ხალხის გამოხატული ნება ვერ შეარყია ვერცერთმა ურთულესმა გამოწვევამ - ვერც ომმა და ვერც ოკუპაციამ. ჩვენი წარსულით და საერთო ღირებულებებით დიდი ხანია ერთნი ვართ. მაშასადამე, ჩვენი მომავალი თქვენთანაა, ევროპაშია და ამას ალტერნატივა არ გააჩნია!

საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი პირობის თანახმად, ძალისხმევას არ დავიშურებთ და არაფერს დავაკლებთ ჩვენს მიზანს: სხვადასხვა პოლიტიკური მსოფლმხედველობის მიუხედავად, ერთობის ძალით ხელს ვაწერთ ამ პეტიციას და ვითხოვთ კანდიდატის სტატუსს".


8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების, ხოლო უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლის რეკომენდაცია გასცა. 

კომენტარები