ევროკავშირის გაფართოება

კომისიამ უკრაინას და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაცია გასცა

REUTERS/Yves Herman/File Photo

ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების ეტაპზე გადავიდნენ. კომისიის შეფასება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა წარადგინა.

მისივე თქმით, ბოსნია-ჰერცეგოვინას შემთხვევაში ევროკომისია რეკომენდაციას გასცემს, როცა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

ფონ დერ ლაიენმა ასვე აღნიშნა, რომ უკრაინამ შეასრულა ევროკომისიის მიერ მისთვის წარდგენილი პირობების 90%-ზე მეტი. 

"ამის საფუძველზე, ჩვენ დღეს გავცემთ რეკომენდაცია, რომ საბჭომ გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესი დაიწყოს. ჩვენ ასევე გავცემთ რეკომენდაციას, რომ საბჭომ დაამტკიცოს მოლაპარაკებების ჩარჩო მას შემდეგ, რაც უკრაინა დაასრულებს მიმდინარე რეფორმებს". - თქვა მან.

რაც შეეხება მოლდოვას, ევროკომისიის შეფასებით, ქვეყანამ აქამდე წარდგენილი 9 პუნქტის შესრულებაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. 

"მოლდოვამ სტაბილურად მიაღწია პროგრესს მის წევრობის განაცხადში გათვალისწინებული 9 ნაბიჯის შესრულების მიმართულებით, მათ შორისაა მართლმსაჯულების, ანტიკორუფციული და საჯარო ადმინისტრაციის ყოვლისმომცველი რეფორმები". - აღნიშნავს ევროკომისია.

ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში დეკემბერში ევროპული საბჭოს სამიტზე გაიგზავნება. სამიტზე, რომელიც 14-15 დეკემბერს გაიმართება, ევროკავშირის ლიდერები ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ფორმალური მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. 

დღეს, 8 ნოემბერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი და ევროკომისიის სხვა წარმომადგენლები ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე 10 ქვეყნის პროგრესის განხილვის მიზნით შეხვდნენ. ამჟამად ბლოკში გაწევრიანებას შემდეგი ქვეყნები ისწრაფვიან: ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო, კოსოვო, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, თურქეთი და უკრაინა.


2022 წლის ზაფხულში ევროკავშირმა ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს - არა. 

გარდა ამისა, ევროკომისიამ მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის რამდენიმე პირობა წარუდგინა:

ევროკავშირის პირობები უკრაინას:

  1. საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმა; 
  2. მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა; 
  3. ანტი-კორუფციული რეფორმა; 
  4. ფულის გათეთრების საწინააღმდეგო რეფორმა; 
  5. დეოლიგარქიზაცია; 
  6. მედიის თავისუფლება; 
  7. უმცირესობების უფლებების დაცვა.

2023 წლის ზაფხულში ევროკომისიის შუალედური შეფასებითუკრაინამ 7-დან სრულად შეასრულა 2 პირობა – გაატარა მართლმსაჯულების რეფორმა და მიიღო მედიისთვის საჭირო კანონმდებლობა. ამასთან, უკრაინამ კარგი პროგრესი აჩვენა საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმაში და ჰქონდა გარკვეული პროგრესი დარჩენილ 4 პუნქტშიც.

ევროკავშირის პირობები მოლდოვას:

  1. სასამართლო რეფორმა;
  2. ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნების გათვალისწინება;
  3. კორუფციასთან ბრძოლა;
  4. დეოლიგარქიზაცია;
  5. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა;
  6. საჯარო ადმინისტრირების რეფორმა;
  7. საჯარო შესყიდვების რეფორმა;
  8. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა;
  9. ადამიანის უფლებების დაცვა

ამასთან, ევროკომისიის შუალედური შეფასებით, მოლდოვამ 9-დან სრულად შეასრულა 3 პირობა –  მართლმსაჯულების რეფორმაში გაითვალისწინა ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნები, გააფართოვა პოლიტიკურ პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და გააძლიერა ადამიანის უფლებების დაცვა. ამასთან, მოლდოვამ კარგი პროგრესი აჩვენა სასამართლო რეფორმაში, დეოლიგარქიზაციისა და საჯარო შესყიდვების/ფინანსების მენეჯმენტის პირობების შესრულებისას. ევროკომისია ზაფხულში თვლიდა, რომ მოლდოვამ ასევე გარკვეულ პროგრესს მიაღწია დარჩენილი 3 პირობის შესრულებაშიც.

კომენტარები