ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

აშშ კოლეჯებს დაფინანსებას შეუწყვეტს, თუ ისინი ანტისემიტიზმის პრობლემას ვერ გაუმკლავდებიან

აშშ-ს განათლების დეპარტამენტი
Saul Loeb/AFP/Getty Images

ამერიკის შეერთებული შტატების განათლების დეპარტამენტმა საჯარო სკოლებსა და კოლეჯებს მიმართა და შეახსენა, რომ მათ სამართლებრივი ვალდებულება აქვთ, დაწესებულებაში არსებულ ანტისემიტიზმსა და ისლამოფობიას გაუმკლავდნენ.

აღნიშნულზე აშშ-ს განათლების მდივანმა მიგელ კარდონამ CNN-თან ისაუბრა. მისი თქმით, ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, სკოლებში ანტისემიტურმა და ისლამოფობიურმა ინციდენტებმა იმატა.

მიგელ კარდონას თქმით, საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუკი ისინი განათლების დეპარტამენტის მოწოდებებს არ გაითვალისწინებენ.

ინტერვიუში მან აღიარა, რომ დიდი გამოწვევაა, ერთი მხრივ, ყველა სტუდენტისთვის უსაფრთხო გარემო უზრუნველყო, ხოლო მეორე მხრივ, მათი სიტყვის თავისუფლება დაიცვა, მაგრამ "ანტისემიტიზმისა და ისლამოფობიის ადგილი კოლეჯების კამპუსებსა და სკოლებში არ არის", - თქვა მან.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს 200-მდე მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა. 7 ოქტომბრის მოვლენებს 1 400-მდე ისრაელელი ემსხვერპლა. დახოცილთა ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

22 ოქტომბერს ღაზის სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. პროცესს ისრაელი აკონტროლებს, რათა მხოლოდ საკვები და სამედიცინო პროდუქტები შეიტანონ. აკრძალულია საწვავის შეტანა.

28 ოქტომბერს ისრაელმა, მას შემდეგ, რაც საჰაერო იერიშების რიცხვი გაზარდა და სახმელეთო ოპერაციის არეალი გააფართოვა, ომის მეორე ფაზა დაიწყო.

კომენტარები