თურქეთი

ერაყში თურქეთის საჰაერო იერიშს ქურთისტანის მუშათა პარტიის 2 წევრი ემსხვერპლა

თურქეთის მიერ უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმას ერაყში ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK)  ორი წევრი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. ინფორმაციას ერაყის ქურთისტანის კონტრტერორიზმის სამსახური ადასტურებს.

დრონების სამიზნე ქალაქ რანიაში PKK-ის მებრძოლებთა ჯგუფი იყო.

1 ოქტომბერს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან განხორციელებულ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ქურთისტანის მუშათა პარტიის შეიარაღებულმა დანაყოფმა, "უკვდავთა ბატალიონმა" აიღო

დანაყოფი თურქეთის ხელისუფლებას ციხეებში ქურთების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში, ქიმიური იარაღის გამოყენებასა და ქურთებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. მათი თქმით, თუ თურქეთის მთავრობა მსგავს მოპყრობას არ შეწყვეტს, მოქმედებები "რევოლუციური სამართლიანობის" გაგებით გაგრძელდება.

მომხდარის შემდეგ, თურქეთმა PKK-ის წევრებზე საჰაერო თავდასხმები უფრო აქტიურად დაიწყო. 

5 ოქტომბერს თურქეთის საჰაერო ძალებმა ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთისტანის მუშათა პარტიის 58 ობიექტზე იერიში მიიტანეს

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რიგით მესამე სამხედრო ოპერაციის ფარგლებში საჰაერო დარტყმები განხორციელდა ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში, ხუთ სხვადასხვა რეგიონში განთავსებულ ობიექტებზე. უწყება აღნიშნავს, რომ იერიშის შედეგად "განეიტრალებულია ქურთისტანის მუშათა პარტიის ბევრი მებრძოლი".

4 ოქტომბერს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ ერაყსა და სირიაში მდებარე ყველა ობიექტი, რომელიც  ქურთისტანის მუშათა პარტიას ან სირიაში მოქმედ სახალხო დაცვის შენაერთებს (YPG) ეკუთვნის თურქეთის "ლეგიტიმური სამიზნეა".

 

კომენტარები