თურქეთი

ანკარაში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ქურთმა ტერორისტებმა აიღეს

 REUTERS/Cagla Gurdogan

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან განხორციელებულ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ქურთისტანის მუშათა პარტიის შეიარაღებულმა დანაყოფმა, "უკვდავთა ბატალიონმა" აიღო

"1 ოქტომბერს, დაახლოებით 09:30 საათზე, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ, ჩვენი "უკვდავთა ბატალიონის" ნაწილმა მსხვერპლშეწირვის აქტი ჩაატარა. აფეთქება მიზანმიმართულად, პარლამენტის სხდომის დაწყებამდე იგეგმებოდა და შენობასთან ახლოს მოხდა". - წერია დანაყოფის, HSM-ის განცხადებაში, რომელსაც თურქეთი ტერორისტებად მიიჩნევს.

HSM-ის განცხადებით, ქურთმა მებრძოლებმა დაცვის პუნქტი გადალახეს, უსაფრთხოების ზონაში შეაღწიეს და მიზანს მიაღწიეს. მათი თქმით, თურქეთის ხელისუფლება მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას მალავს.

დანაყოფი თურქეთის ხელისუფლებას ციხეებში ქურთების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში, ქიმიური იარაღის გამოყენებასა და ქურთებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. მათი თქმით, თუ თურქეთის მთავრობა მსგავს მოპყრობას არ შეწყვეტს, მოქმედებები "რევოლუციური სამართლიანობის" გაგებით გაგრძელდება.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი ერლიაკას ინფორმაციით, დილის საათებში ანკარაში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან ტერორისტული აქტი განხორციელდა.

მინისტრის თქმით, ორი ტერორისტიდან ერთ-ერთმა სამინისტროს შენობასთან თავი აიფეთქა, მეორე კი პოლიციამ "გაანეიტრალა". 

თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების ხმა გაისმა პარლამენტისა და სამინისტროების შენობების მახლობლად. 

ერლიკაიას მიხედვით, მომხდარის შედეგად მსუბუქად დაშავდა ორი პოლიციელი.

კომენტარები