ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

გერმანიის ვიცეკანცლერი: ანტისემიტიზმი სათანადოდ დაისჯება

გერმანიის ვიცეკანცლერი, რობერტ ჰაბეკი
Bild: EPA

გერმანიის ვიცეკანცლერმა რობერტ ჰაბეკმა ისრაელისადმი გერმანიის მხარდაჭერას გაუსვა ხაზი და გერმანიაში ანტისემიტური დანაშაულები და განწყობები დაგმო.

ჰაბეკმა თქვა, რომ ანტისემიტური სიძულვილის გამოვლენისთვის დამნაშავეები სათანადოდ დაისჯებიან. მანვე დაამატა, რომ დემონსტრაციების დროს ისრაელის დროშის დაწვა ან "ჰამასის ტერორის ქება" სისხლის სამართლის დანაშაულებია.

"ნებისმიერი გერმანელი მოქალაქე, ვინც ამას გააკეთებს, ამ დანაშაულისთვის სასამართლოში წარსდგება. ისინი, ვინც არ არიან გერმანიის მოქალაქეები, ასევე თავიანთი ბინადრობის ნებართვას გარისკავენ, ხოლო მათთვის, ვისაც არ აქვს ნებართვა, ეს დეპორტაციის მიზეზი გახდება". – თქვა ჰაბეკმა.

ვიცეკანცლერმა გერმანიაში ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ მზარდ ანტისემიტურ განწყობებზე ისაუბრა. მისი თქმით, ფრანკფურტში ებრაულ თემთან საუბრისას გაიგო, რომ ებრაელ ბავშვებს ბოლოდროინდელი ვითარების გამო სკოლებსა თუ სასპორტო კლუბებში წასვლისა და რელიგიური მრწამსის გამოხატვის ეშინიათ. 

"ებრაული თემები აფრთხილებენ თავიანთ წევრებს, რომ საკუთარი უსაფრთხოებისთვის გარკვეულ ადგილებს მოერიდონ. ეს არის რეალობა დღეს აქ, გერმანიაში, თითქმის 80 წლის შემდეგ, რაც ჰოლოკოსტი მოხდა". – თქვა ჰაბეკმა.

ჰაბეკის თქმით, ჰოლოკოსტზე გერმანიის პასუხისმგებლობის ფონზე, აუცილებელია, რომ ებრაელებმა იცხოვრონ "გერმანიაში თავისუფლად და უსაფრთხოდ, რომ აღარასდროს აღარ შეეშინდეთ თავიანთი რელიგიისა და კულტურის ღიად გამოხატვა".


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს 200-მდე მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა. 7 ოქტომბრის მოვლენებს 1 400-მდე ისრაელელი ემსხვერპლა. დახოცილთა ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

22 ოქტომბერს ღაზის სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. პროცესს ისრაელი აკონტროლებს, რათა მხოლოდ საკვები და სამედიცინო პროდუქტები შეიტანონ. აკრძალულია საწვავის შეტანა.

28 ოქტომბერს ისრაელმა, მას შემდეგ, რაც საჰაერო იერიშების რიცხვი გაზარდა და სახმელეთო ოპერაციის არეალი გააფართოვა, ომის მეორე ფაზა დაიწყო.

კომენტარები