კრიმინალი

ყაჩაღობა კრიპტო ვალუტის გადამცვლელ ოფისში – ბრალდება კიდევ 5 პირს წარედგინა

საქართველოს პროკურატურა / Facebook

საქართველოს პროკურატურამ კრიპტო ვალუტის გადამცვლელ ოფისში მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე ბრალდება ხუთ პირს დაუსწრებლად წარუდგინა. იმავე ბრალდებით დაკავებულ კიდევ ორ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 30 ოქტომბერს, თბილისში მდებარე კრიპტო ვალუტის გადამცვლელ ოფისში, ბრალდებულები -  - ბ.ჩ., თ.ქ., ა.ჩ., თ.ე., დ.ფ., ბ.რ. და ე.ნ. ჯგუფურად, სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, თავს დაესხნენ ოფისში მყოფ პირებს და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ოფისის და იქ მყოფი მომხმარებლების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას  - 810 300 ამერიკული დოლარს, 110 ევროს და 6500 ლარს.

ვინაიდან, ბრალდებულები თავს არიდებენ საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას და იმყოფებიან მიმალვაში, მათ დაუსწრებლად წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. ძებნილი ბრალდებულების ადგილსამყოფელის  დადგენისა და დაკავების მიზნით ტარდება ყველა შესაბამისი ღონისძიება" - აცხადებს პროკურატურა.

კომენტარები