საქართველოს მთავრობა

დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს ირაკლი ღარიბაშვილს მშობელმა 180 000 ლარი აჩუქა

ირაკლი ღარიბაშვილი

უახლესი დეკლარაციის მიხედვით, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გასულ წელს მშობელმა 180 000 ლარი აჩუქა. დეკლარაცია 2023 წლის 30 ოქტომბრით არის დათარიღებული. 

ამავე დოკუმენტის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერმინისტრის პოსტზე მუშაობით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ანაზღაურების სახით 41 004 ლარი მიიღო.

გარდა ამისა, დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილმა ოჯახის წევრების მოგზაურობისთვის გასულ წელს 8 868 აშშ დოლარი გადაიხადა.


2023 წლის აგვისტოს თვეში ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში შვილთან ერთად გაემგზავრა - მთავრობის სტრატკომის ცნობით, თბილისიდან მიუნხენამდე ჩარტერული რეისით, ხოლო იქიდან ამერიკაში - კომერციული რეისით.

"მადლობა ღმერთს, მე მყავს შეძლებული ოჯახი, მე არასდროს არ ვიყავი გაჭირვებული, პოლიტიკამდეც მე ვმუშაობდი ამ ქვეყნის უმდიდრეს ადამიანთან და ვმართავდი ყველაზე მდიდარ ფონდს, ჩემი ოჯახი არასდროს ყოფილა გაჭირვებული, ეს არ არის დამალული და ეს არ არის სიახლე...

თუ ობიექტურები ბრძანდებით, უნდა გაგერკვიათ... ჩემს ოჯახს აქვს შესაბამისი დადასტურებული შემოსავლებიც, ფინანსური სახსრებიც, ყველაფერი არის გამჭვირვალე, თუ რამე კითხვები გაქვთ, მე ყოველ წელს ვავსებ დეკლარაციებს, დაელოდეთ, ამ წელსაც შევავსებ დეკლარაციებს, მომავალ წელსაც შევავსებ" - ამბობდა ღარიბაშვილი.

კომენტარები