ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ნეთანიაჰუმ ჰამასის თავდასხმაში უსაფრთხოების სამსახურების დადანაშაულებისთვის ბოდიში მოიხადა

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჰამასის თავდასხმაში უსაფრთხოების სამსახურების დადანაშაულებისთვის ბოდიში მოიხადა.

"შევცდი, არ უნდა მეთქვა ის, რაც პრესკონფერენციის შემდეგ ვთქვი. ბოდიშს ვიხდი. სრულად ვუჭერ მხარს უსაფრთხოების სამსახურის ყველა ხელმძღვანელს. ვაძლიერებ [IDF-ის] შტაბის უფროსს, IDF-ის იმ მეთაურებსა და ჯარისკაცებს, რომლებიც ჩვენი სახლისთვის იბრძვიან. ერთად ჩვენ მოვიგებთ [ომს]". - წერს თავდაპირველი განცხადების წაშლის შემდეგ ნეთანიაჰუ X-ზე. 

შაბათს, 28 ოქტომბერს, გვიან ღამით, ნეთანიაჰუმ X-ზე დაწერა პოსტი, (ახლა უკვე წაშლილი) რომელშიც ამტკიცებდა, რომ მას "ომის განზრახვის" შესახებ გაფრთხილება არ მიუღია. პრემიერმა დასძინა, რომ "უსაფრთხოების ყველა სამსახური, სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელობის ჩათვლით და შინ ბეთის ხელმძღვანელები თვლიდნენ, რომ ჰამასი შეკავებული იყო და დაინტერესებული იყო შეთანხმებით". 

29 ოქტომბერს პრემიერმინისტრის ოფისმა ნეთანიაჰუს მიერ წაშლილ პოსტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ შაბათს, 28 ოქტომბერს გამართული პრესკონფერენციის შემდეგ განმეორდა "სერიოზული ბრალდებები იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრმა ომთან დაკავშირებით კონკრეტული გაფრთხილებები მიიღო, რაც ასე არ ყოფილა [...] ნეთანიაჰუმ შესაბამისი პასუხი გასცა ბრალდებებს. პრემიერი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალებს სრულ ნდობას უცხადებს". 


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს 200-მდე მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა. 7 ოქტომბრის მოვლენებს 1 400-მდე ისრაელელი ემსხვერპლა. დახოცილთა ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

22 ოქტომბერს ღაზის სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. პროცესს ისრაელი აკონტროლებს, რათა მხოლოდ საკვები და სამედიცინო პროდუქტები შეიტანონ. აკრძალულია საწვავის შეტანა.

28 ოქტომბერს ისრაელმა, მას შემდეგ, რაც საჰაერო იერიშების რიცხვი გაზარდა და სახმელეთო ოპერაციის არეალი გააფართოვა, ომის მეორე ფაზა დაიწყო.

კომენტარები