ოკუპირებული აფხაზეთი

მარიონეტული სოხუმის დელეგაცია მინსკში "ორმხრივი უწყებათაშორისი კონსულტაციებისთვის" ჩავიდა

27 ოქტომბერს ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის დელეგაცია ბელარუსში, მინსკში ჩავიდა, რათა "ორმხრივი უწყებათაშორისი კონსულტაციები" ჩაეტარებინათ.

მარიონეტთა დელეგაცია ბელარუსის მინისტრთა საბჭოს ხელმძღვანელს, კონსტანტინ ბურაკს შეხვდა.

ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაციაში იყვნენ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა, ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი რობერტ კიუტი, ე.წ. ჯანდაცვის მინისტრი ედუარდ ბუტბა და სხვები.

არძინბა შეხვდა რუსეთის ელჩს ბელარუსში, ბორის გრიზლოვს.

გასულ დღეებში მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ აღნიშნა, რომ ბელარუსის მიერ აფხაზეთის აღიარების საკითხზე მუშაობა მიმდინარეობდა.

ბოლო ხანებში ოკუპირებულ აფხაზეთსა და ბელარუსს შორის პირდაპირი ურთიერთობების ფაქტები გახშირდა. თავდაპირველად, 2022 წლის 18 სექტემბერს ბელარუსის ავტოკრატი ლიდერი, ალექსანდრ ლუკაშენკო ბიჭვინთაში ჩავიდა და ასლან ბჟანიას შეხვდა. შეხვედრაზე ლუკაშენკომ თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საუბრის შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ "აფხაზეთი არსებობს, რუკიდან ვერ წაშლიან" და ის "არ უნდა მიატოვონ".

ამის შემდეგ, 2022 წლის ნოემბრის დასაწყისში ბელარუსისა და რუსეთის სამოკავშირეო სახელმწიფოს საპარლამენტო დელეგაცია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, ხოლო 21 თებერვალს ბჟანია ლუკაშენკოს ბელარუსში შეხვდა

ბჟანიამ არაერთხელ გამოხატა სურვილი, რომ მას აფხაზეთის რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოსთან გაერთიანება სურს.

კომენტარები