The New York Times-ი წერს, რომ ჰამასი მარაგში ინახავს საკვებს და საწვავს, რაზეც ღაზის მოსახლეობას წვდომა არ აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა არაბ და დასავლელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, ჰამასი წლების განმავლობაში აშენებდა ათეულობით კილომეტრიან მიწისქვეშა გვირაბებს, სადაც გაჭიანურებული ომის წარმოებისთვის თითქმის ყველა რესურსი აქვს მოგროვებული.
"ჰამასს აქვს ასობით ათასი გალონი საწვავი მანქანებისა და რაკეტებისთვის, ასევე საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და მასალების საწყობები უფრო მეტის დასამზადებლად, საკვების, წყლისა და მედიკამენტების მარაგი". - ნათქვამია ანგარიშში, რომელზეც წყაროები გამოცემასთან ანონიმურობის პირობით საუბრობენ.
როგორც ლიბანის მაღალჩინოსანმა NYT-თან საუბრისას აღნიშნა, ჰამასს აქვს საკმარისი მარაგი იმისთვის, რომ ბრძოლა სამიდან ოთხ თვემდე მარაგის აღდგენის გარეშე გააგრძელოს.
მიმდინარე კვირის დასაწყისში ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) გაავრცელეს ფოტოები, სადაც ნაჩვენები საწვავის ავზები. IDF-ს მტკიცებით, ჰამასი სწორედ აქ ინახავს ნახევარ მილიონ ლიტრ საწვავს.
ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.
ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.
საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან
აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.
ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.





