ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

აშშ ჰამასსა და მის ირანელ მხარდამჭერებზე სანქციების ახალ პაკეტს აწესებს

აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტის შენობა
Sealy j / Wikicommons

The New York Times-ის ინფორმაციით, 27 ოქტომბერს აშშ-მ ჰამასის ტერორისტული დაჯგუფების დაფინანსების შესაფერხებლად მასთან დაკავშირებულ პირებსა და მხარდამჭერ ირანელებზე სანქციების ახალი პაკეტი დააწესა.

სანქციების პაკეტი იმ კომპანიებსა და ინვესტორებსაც შეეხება, რომელთა ფონდებს ჰამასი საკუთარი აქტივების დასამალად იყენებს.

აშშ-ის მონაცემებით, ჰამასი მთლიანობაში $500 მილიონის ოდენობის აქტივებს უნდა ფლობდეს, რომელსაც იგი ტერორიზმის დასაფინანსებლად იყენებს.

ამასთან, აშშ-მ ჰამასისა და ირანის ურთიერთობაც გაითვალისწინა და სანქციები ირანის სამხედრო პირებზეც დააწესა, რომლებიც ჰამასის, ჰეზბოლასა და პალესტინის ისლამური ჯიჰადის სამხედრო წვრთნებს ატარებენ.

აშშ-მ სანქციები ასევე იორდანიის მოქალაქეზე, ხალედ ყადუმიზე დააწესა, რომელიც თეირანში ცხოვრობს და ირანისა და ჰამასის შუამავლის როლს ასრულებს. 

"არ მოვერიდებით ნაბიჯების გადადგმას, რათა ჰამასის დაფინანსების წყაროებსა და ფინანსურ აქტივობებზე შეუპოვრად იერიშის მიტანით უფრო დავაქვეითოთ ჰამასის უნარი, საზარელი ტერორისტული თავდასხმები ჩაიდინოს". – თქვა უოლი ადეიეომ, აშშ-ის ფინანსთა მდივნის მოადგილემ. 

ადეიეომ დაამატა, რომ აშშ თავის მოკავშირეებთან ერთად მუშაობდა, რათა "ჰამასს საერთაშორისო საფინანსო სისტემის ექსპლუატაციის საშუალება არ მისცენ". 


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები