ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის სექტორში მდებარე შიფას საავადმყოფოს ქვეშ ჰამასის მთავარი სამხედრო სამეთაურო ცენტრებია განლაგებული. ამის დასამტკიცებლად ისრაელის თავდაცვის ძალებმა შესაბამისი სატელიტური ფოტოებიც გაასაჯაროეს.
ჰამასის წარმომადგენლებმა აღნიშნული ბრალდება უარყვეს და თქვეს, რომ ისრაელის მტკიცება უსაფუძვლოა. ჰამასის წევრმა იზათ ალ-რიშქმა თქვა, რომ ისრაელის აღნიშნული ბრალდებები პრელუდიაა პალესტინელ ხალხზე შემდგომი თავდასხმებისთვის, "უფრო დიდისთვის, ვიდრე ეს ალ-იჰლას საავადმყოფოზე განხორციელდა". იზათ ალ-რიშქმა აღნიშნული ბრალდება 17 ოქტომბერს ღაზის სექტორში საავადმყოფოს აფეთქებას დაუკავშირა, რასაც ჰამასი ისრაელს აბრალებდა, თუმცა IDF-მა მტკიცებულებები წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც ჩამოვარდნილი რაკეტა ღაზის სექტორიდან აღმოჩნდა გასროლილი.
ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.
ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.
საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან
აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.
ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.





