თავისუფლების ინსტიტუტი

ხვადაგიანი თსსუ-ზე: დაადასტურეს, რომ 2 ტენდერი გაუფორმეს შავ სიაში არსებულ რუსულ კომპანიას

სალომე ხვადაგიანი
ზურა ცერცვაძე/ტაბულა

თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორის სალომე ხვადაგიანის თქმით, თსსუ-მ გამოქვეყნებულ განცხადებაში დაადასტურა ორგანიზაციის აქამდე გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტმა "ორი ტენდერი გაუფორმა შავ სიაში სამჯერ მოხვედრილ რუსულ კომპანიას".

"სამედიცინო უნივერსიტეტის განცხადება კომიკურია. განცხადება გაავრცელეს, თავისუფლების ინსტიტუტი ჩვენზე არასწორ წარმოდგენას ქმნისო და იმავე განცხადებაში არამარტო დაადასტურეს ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ორი ტენდერი გაუფორმეს შავ სიაში სამჯერ მოხვედრილ რუსულ კომპანიას, რომელიც თავად სამედიცინო უნივერსიტეტისთვის ცუდად შესრულებული საქმისთვის იყო დაჯარიმებული, არამედ დაამატეს, აი, მესამე ხელშეკრულება შევუწყვიტეთ სამუშაოთა შეუსრულებლობის გამოო.

ორჯერ რომ მოიყვან სახლში ონკანის შესაკეთებლად ცუდ ხელოსანს, დიდ თანხას გადაუხდი, ცუდად შეგისრულებს საქმეს, შავ სიაში შეიყვან, სასოწარკვეთილ მომხმარებლებში დაწერ მასზე, დააჯარიმებ და მესამედაც იმავე ხელოსნის დაძახება რანაირადაა ნორმალური ქცევა. საკუთარ ფულს და საკუთარ სახლს ასე ხომ არ მოექცევი ადამიანი? რაც თავად დაწერეს, იმაზე უარესი ჩვენ არაფერი გვითქვამს. თან, სიამაყით აღნიშნეს 58 580 ლარი გადაიხადა კომპანიამ ჯარიმადო. თავად ნახევარი მილიონი გადაუხადეს რუსულ კომპანიას, რომელიც შავ სიაში გახდა შესაყვანი და ჯარიმის თანხა რა საამაყოა.

სამედიცინოს უნივერსიტეტის სხვა პრეტენზია უკავშირდებოდა იმას, რომ თურმე უარს ვერ ეტყოდნენ ამ კომპანიას. შესყიდვების კანონის მე-7 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეიძლება შეწყდეს შესყიდვის პროცედურა, "თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე".

ამასთან, სამედიცინო უნივერსიტეტს შეეძლო ტენდერის პირობები იმდაგვარად განესაზღვრა, რომ თავიდანვე გამორიცხულიყო რუსული საეჭვო წარმოშობის კომპანიების მონაწილეობა შესყიდვებში". - აღნიშნავს ხვადაგიანი ტაბულასთან საუბრისას. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (თსსუ) რუსულ კომპანიასთან გაფორმებული ტენდერის შესახებ თავისუფლების ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს "საზოგადოების თვალში უნივერსიტეტზე არასწორ წარმოდგენას ქმნის".

თსსუ-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ უნივერსიტეტმა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით ტენდერის საფუძველზე ხელშეკრულებები გააფორმა საქართველოში რეგისტრირებულ კომპანია შპს ელვასთან. უნივერსიტეტი აღნიშნავს, რომ ორი კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოები კომპანიამ სრულად შეასრულა, თუმცა, ვადების დარღვევით, რის გამოც პირგასამტეხლო დაეკისრა. უნივერსიტეტის განცხადებითვე, მესამე ხელშეკრულება სამუშაოთა შეუსრულებლობის გამო შეწყვიტეს, რის გამოც კომპანიას თსსუს-სთვის 58 580 ლარის გადახდა მოუწია.

ბოლოს, გვინდა განვაცხადოთ, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, შესყიდვებს ახორციელებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის „შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის“ სრული და განუხრელი დაცვით". - ნათქვამია თსსუ-ს გავრცელებულ განცხადებაში. 

თავისუფლების ინსტიტუტის ინფორმაციით, 2022 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა რუსულ კომპანიას 587 054 ლარის ღირებულების ორი ტენდერი გაუფორმა.

ორგანიზაციის ცნობით, თსსუ-მ 2022 წლის 28 ივლისს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი გადახურვისა და სხვა სპეციალური სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებლად. მასში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა კომპანიამ - შპს ელვა-ს ფილიალი თბილისში. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, თსსუ-ს მეორე და მესამე სასწავლო კორპუსებში სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან გამოიყო 410 722 ლარი. სამ დღეში თსსუ-მ კიდევ ერთი, 176 332-ლარიანი ტენდერი გამოაცხადა - შენობის მშენებლობისა და საკანალიზაციო სამუშაოებისთვის, რომელშიც იგივე კომპანიამ გაიმარჯვა. 

თავისუფლების ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ შპს ელვას ფილიალი თბილისში რუსული კომპანიის ფილიალია. კომპანიას გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტებშიც აქვს მითითებული ოკუპანტ სახელმწიფოში ჩატარებული სამუშაოები.

ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შპს ელვა შავ სიაში ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო 2022 წლის 15 ნოემბერს შეიყვანა.

კომენტარები