მონეტარული პოლიტიკა

სებ-ი რეფინანსირების განაკვეთს უცვლელად, 10%-ზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10%-ია.

ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ "საქართველოში ინფლაცია კვლავ დაბალია და მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელზე ქვემოთ ნარჩუნდება". სებ-ის მიმდინარე პროგნოზით, "სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2023 წლის ბოლომდე მიზნობრივ 3%-ზე დაბლა ინება, ხოლო 2024 წელს მის ირგვლივ დასტაბილურდება".

თუმცა, ეროვნული ბანკი წერს, რომ პარალელურად, მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა გლობალურად არასტაბილურ გარემოს ქმნის და ინფლაციის პროგნოზის გარშემო დამატებით გაურკვევლობას აჩენს.

"არსებულ შოკებს დაემატა გეოპოლიტიკური არასტაბილურობის  ახალი ფაქტორი, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის სახით. ბოლო პერიოდში, საწვავის ბაზარზე ტენდენციებიც გარკვეულწილად გაუარესდა, როგორც ფასების, ასევე მიწოდების არასტაბილურობის თვალსაზრისით. ამ რისკებთან ერთად, ადგილობრივი ეკონომიკის ტენდენციებიც საყურადღებოა. კერძოდ, მიმდინარე წელს მოთხოვნა კვლავ ძლიერია და მოსალოდნელია 6%-იანი ეკონომიკური ზრდა. ბოლო თვეების მანძილზე სესხების ზრდის ტემპიც შედარებით დაჩქარდა, რისი ძირითადი წყაროც გაზრდილი ბიზნეს სესხებია, უმეტესწილად უცხოურ ვალუტაში. საყურადღებოა, რომ საკრედიტო აქტივობის დაჩქარებით გამოწვეული ძლიერი ერთობლივი მოთხოვნა, როგორც წესი, დამატებით ინფლაციურ რისკს შეიცავს.

მაღალი გაურკვევლობისა და აღნიშნული რისკების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნებაზე კონცენტრირებული რჩება და მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს. ინფლაციის ტენდენციებისა და პროგნოზის გათვალისწინებით, სხვა თანაბარ პირობებში, საქართველოს ეროვნული ბანკი პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზებას მხოლოდ ნელი ტემპით გააგრძელებს. ჯერ კიდევ მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა და ბოლო პერიოდში უცხოური ვალუტის მხარეს გატარებული მაკროპრუდენციული ღონისძიებების ერთობლიობა გვეხმარება დაკრედიტების ზომიერი ტემპის შენარჩუნებაში, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ზემოთ აღნიშნულ ინფლაციურ რისკებს" - ნათქვამია განცხადებაში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 20 დეკემბერს ჩატარდება.

მაისის შემდეგ სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი ჯამში 1%-ით შეამცირა. იქამდე, ერთი წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11% იყო.

კომენტარები