ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

მაკრონი: ჰამასის დასამარცხებლად საერთაშორისო კოალიცია უნდა შევქმნათ

ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი
Ludovic Marin/AFP

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ისრაელში ერთდღიანი ვიზიტისას, მან ისრაელის ტერორისტულ დაჯგუფებებთან ომს "საფრანგეთის ომიც" უწოდა და ხაზი გაუსვა ჰამასის დასამარცხებლად საერთაშორისო კოალიციის ჩამოყალიბების მნიშვნელობას.

"ისრაელისთვის ტერორიზმთან ბრძოლა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, მაგრამ ეს ჩვენთვისაც ასეა", - უთხრა ემანუელ მაკრონმა ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს. 

შეხვედრის შემდეგ მაკრონმა განაცხადა, რომ ქვეყნებმა, რომლებიც ისლამურ სახელმწიფოს ებრძოდნენ, ჰამასის წინააღმდეგაც უნდა იბრძოლონ.

7 ოქტომბერს ჰამასის ისრაელზე თავდასხმის ფონზე, ემანუელ მაკრონი ისრაელში სოლიდარობის ნიშნად ჩავიდა, სადაც ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მის კოლეგას, იცხაკ ჰერცოგს შეხვდა.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები