ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

გალანთი: სახმელეთო ოპერაცია შეიძლება თვეები გაგრძელდეს, მაგრამ საბოლოოდ ჰამასი აღარ იქნება

იოავ გალანთი 2023 წლის 7 ოქტომბრის სიტყვით გამოსვლის დროს.
Elad Malka/Defense Ministry

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანთის თქმით, ისრაელის სახმელეთო ოპერაცია, რომელსაც გეგმავენ, შესაძლოა სამი თვე გაგრძელდეს, თუმცა, წარმატების შემთხვევაში, ეს ჰამასის განადგურებისთვის წამოწყებული უკანასკნელი მოქმედება იქნება.

"ეს ღაზაში უკანასკნელი [სახმელეთო] მანევრი უნდა იყოს, მარტივი მიზნით, რომ, როდესაც ის დასრულდება, ჰამასი აღარ იარსებებს. ამას შეიძლება დასჭირდეს ერთი, ორი ან სამი თვე, მაგრამ საბოლოოდ ჰამასი აღარ იქნება". - თქვა იოავ გალანთმა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ სახმელეთო ოპერაციის დაწყებამდე საჰაერო იერიშები გაგრძელდება.

"სანამ მტერი ჯავშნოსან და სახმელეთო ძალებს შეხვდება, მათ საჰაერო ძალების ბომბებთან შეხვედრა მოუწევთ". - დაამატა მან.

პარალელურად ცეცხლის გაცვლა გრძელდება როგორც ღაზის სექტორის მიმართულებით, ისე ისრაელის ჩრდილოეთითაც, ლიბანის სამხრეთ საზღვარზე, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლა აკონტროლებს.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები