ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

პენტაგონი: აშშ ახლო აღმოსავლეთში საჰაერო თავდაცვის სისტემებს გაგზავნის

THAAD-ის სისტემა
Ralph Scott/Missile Defense Agency/U.S. Department of Defense

ახლო აღმოსავლეთში ისრაელისა და ჰამასის ომის ფონზე აშშ-ს ძალებისთვის გაზრდილი საფრთხის ფონზე, თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ ვაშინგტონი ახლო აღმოსავლეთში დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს გზავნის და ჯარებს საგანგებო სიტუაციებისთვის ამზადებს.

როგორც აშშ-ს თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, ახლო აღმოსავლეთში გაიგზავნება THAAD-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემის ბატარეა და Patriot-ების ჰსთ-ს ბატალიონები.

"ირანისა და მისი მარიონეტული ძალების მიერ ახლო აღმოსავლეთში ბოლოდროინდელი ესკალაციის შესახებ პრეზიდენტ ბაიდენთან დისკუსიების შემდეგ, პოზიციის გასაძლიერებლად დამატებითი ნაბიჯების გადადგმის განკარგულება გავეცი, რაც ისრაელს თავდაცვაში დაეხმარება." - თქვა აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გამოყოფილია თავდაცვის ძალების დამატებითი რაოდენობა, როგორც საგანგებო დაგეგმვის ნაწილი, რათა ჯარების მზადყოფნა და სწრაფი რეაგირება საჭიროებისამებრ იყოს ხელმისაწვდომი.

9 ოქტომბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ისრაელის მხარდასაჭერად და ჰამასის თავდასხმების საპასუხოდ ავიამზიდი, გემები და თვითმფრინავები აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთისკენ გააგზავნა.

14 ოქტომბერს კი პენტაგონმა განაცხადა, რომ აშშ ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ჰამასის თავდასხმის შემდეგ, ომის გაფართოების მცდელობის შესაკავებლად, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში კიდევ ერთ ავიამზიდს გააგზავნის.

კომენტარები