აშშ-ევროკავშირის სამიტი

აშშ-EU-ს სამიტმა საქართველოს სუვერენიტეტსა და ევროატლანტიკურ პერსპექტივას მხარი დაუჭირა

აშშ-ევროკავშირის სამიტის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ევროატლანტიკურ პერსპექტივას. 

"ჩვენ სრულად ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქვეყნის ევროატლანტიკური პერსპექტივის მხარდაჭერას. ვადასტურებთ ჩვენს საერთო ვალდებულებას დასავლეთ ბალკანეთში სტაბილურობისადმი, ჩვენს მხარდაჭერას რეგიონის ევროკავშირის პერსპექტივისადმი. ყველა პარტნიორმა უნდა გააგრძელოს ევროპული გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების განხორციელება". - ვკითხულობთ განცხადებაში.

20 ოქტომბერს სამიტის ფარგლებში ვაშინგტონში ევროკავშირის ლიდერები, მათ შორის ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი შეხვდნენ აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს.

დოკუმენტში ნათქვამია ისიც, რომ აშშ და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ადასტურებენ ერთგულებას ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მიმართ.

"აშშ, ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები, რომლებიც დაახლოებით 800 მილიონ მოქალაქეს წარმოადგენენ, გაერთიანებულნი არიან ღირებულებებით, დაკავშირებულნი არიან დედამიწაზე ყველაზე დინამიკური ეკონომიკური ურთიერთობებით. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ერთგულებას ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მიმართ. 2021 წლის ივნისში გამართული აშშ-ევროკავშირის ბოლო სამიტის შემდეგ, მსოფლიო უპრეცედენტოდ შეიცვალა და ჩვენ საპასუხოდ ამბიციური ნაბიჯები გადავდგით. ჩვენ ერთად ვმუშაობთ მშვიდობის, სტაბილურობის, კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად რეგიონში, მთელ მსოფლიოში, მათ შორის უკრაინის ურყევი მხარდაჭერით". - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ურყევად განაგრძობენ უკრაინის პოლიტიკურ, ფინანსურ, ჰუმანიტარულ და სამხედრო მხარდაჭერას "რუსეთის უკანანო და არაპროვოცირებული აგრესიის წინააღმდეგ".

გარდა ამისა, აშშ-ევროკავშირის სამიტის ერთობლივ განცხადებაში დაგმობილია ჰამასის ტერორისტული ქმედებები და ყურადღება გამახვილებულია ისრაელის თავდაცვის უფლებაზე საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. 

კომენტარები