ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჰამასმა ორი ამერიკელი მძევალი გაათავისუფლა

ჰამასმა ორი ამერიკელი მძევალი გაათავისუფლა. ინფორმაციას ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისი ადასტურებს. აშშ-ისა და ისრაელის მოქალაქეობის მქონე დედა-შვილი ტერორისტებმა მძევლად 14 დღის წინ აიყვანეს.

ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისის განცხადებით, ისრაელის სამხედროები ჯუდით და ნატალი რაანანს ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვართან დახვდნენ, რის შემდეგაც ისინი ოჯახის წევრებთან შესახვედრად სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს.

"ჩვენმა მოქალაქეებმა საშინლად მძიმე განსაცდელი გადაიტანეს ბოლო 14 დღის განმავლობაში და ძალიან გახარებული ვარ, რომ ისინი მალე დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახს, რომელიც შიშისგან იტანჯებოდა". – ვკითხულობთ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებაში.

ჰამასის დაუნდობელ თავდასხმებს ისრაელის 900-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა. ტერორისტებს გატაცებული ჰყავთ 150-მდე ადამიანი.

ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები