ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ლიბანიდან ისრაელზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჰამასმა აიღო

REUTERS/Mohamed Azakir

ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ღაზის სექტორში დაფუძნებულმა ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო.

განცხადებაში, რომელიც ტერორისტებმა გაავრცელეს, წერია, რომ მათმა ლიბანურმა განშტოებამ ისრაელის მიმართულებით 30-მდე რაკეტა გაისროლა.

ჰამასის განცხადებამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლიბანიდან ნაჰარიიასა და მიმდებარე დასახლებების მიმართულებით 20-მდე რაკეტა ისროლეს, რასაც ისრაელელმა სამხედროებმა საარტილერიო ცეცხლით უპასუხეს.

ლიბანიდან განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჰამასმა 15 ოქტომბერსაც აიღო. მაშინ, ტერორისტების თქმით, ნაჰარიიას მიმართულებით 20-მდე რაკეტა გაუშვეს.

ცნობისთვის, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა, რომელიც, თავის მხრივ, ჰამასს უჭერს მხარს.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები