ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

დარმანინი: ბენზემა კავშირშია მუსლიმურ საძმოსთან, რომელიც ჯიჰადისტურ ატმოსფეროს ასაზრდოებს

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერალდ დარმანინის თქმით, ცნობილ ფრანგ ფეხბურთელს, კარიმ ბენზემას ისლამისტურ ორგანიზაცია მუსლიმურ საძმოსთან აქვს კავშირები. ამის შესახებ დარმანენმა CNews Network-ის ეთერში ისაუბრა.

"როგორც ყველამ ვიცით, ბატონ კარიმ ბენზემას აქვს ყველასთვის ცნობილი კავშირები მუსლიმურ საძმოსთან. როგორც ჟილ კეპელმა აღნიშნა, ჩვენ ვებრძვით ჰიდრას – მუსლიმურ საძმოს, რომელიც ჯიჰადისტურ ატმოსფეროს ასაზრდოებს". - თქვა დარმანინმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის სიტყვების საფრანგეთის რესპუბლიკური პარტიის წევრი, სენატორი, ვალერი ბუაიე გამოეხმაურა, რომელმაც დარმანინის სიტყვების დადასტურების შემთხვევაში, ფეხბურთელისთვის სანქციების დაწესება მოითხოვა.

კარიმ ბენზემა ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, ღაზის სექტორის დაბომბვას სოციალურ ქსელებში კრიტიკულად გამოეხმაურა. ფეხბურთელის შეფასებით, ისრაელის მიერ ღაზას სექტორზე მიტანილი იერიში უსამართლოა.

"ვლოცულობთ ღაზის სექტორის მოსახლეობისთვის, რომლებიც კიდევ ერთხელ გახდნენ უსამართლო დაბომბვის მსხვერპლნი, რომელიც არც ქალებსა და ბავშვებს ინდობს". - წერს ბენზემა.

მუსლიმური საძმო 1928 წელს ეგვიპტეში შეიქმნა. სუნიტური ისლამისტური ორგანიზაცია 1970-იანი წლებიდან დღემდე ძალადობრივი გზების გამოყენებას უარყოფს. თუმცა, ტერორისტული დაჯგუფება ჰამასი, რომელიც ოფიციალურად 1987 წელს შეიქმნა, საწყის წლებში ორგანიზაცია მუსლიმური საძმოს ნაწილად ითვლებოდა.

მუსლიმური საძმოს ტერორისტულ ორგანიზაციად ოფიციალურად ბაჰრეინი, ეგვიპტე, რუსეთი, საუდის არაბეთი, სირია და არაბთა გაერთიანებული საემიროები მიიჩნევენ. საძმოსთან აფილირებულ სამხედრო დაჯგუფებებს კი ტერორისტულს უწოდებს გერმანიაც.

ალჟირული წარმოშობის ფრანგმა ფორვარდმა, კარიმ ბენზემამ საფეხბურთო კარიერა 2004 წელს ლიონში დაიწყო. ამის შემდეგ ბენზემა 14 წლის განმავლობაში ცნობილ ესპანურ კლუბში, მადრიდის რეალში თამაშობდა. მიმდინარე წლის ივნისიდან კი ბენზემა საუდის არაბეთში, ალ-იტიჰადის ღირსებას იცავს.

ოქროს ბურთის მფლობელი ფეხბურთელი 2007-2022 წლებში საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ღირსებასაც იცავდა, თუმცა, თანაგუნდელის შანტაჟის შესახებ ბრალდების დამტკიცების შემდეგ, ბენზემა 2016-2020 წლებში ნაკრების რიგებიდან მოკვეთილი იყო.

კომენტარები