ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

რა ვიცით ღაზის საავადმყოფოს აფეთქებაზე

Israel Defense Forces 

17 ოქტომბერს ქალაქ ღაზაში საავადმყოფოსთან ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც ჰამასის მტკიცებით 500 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აფეთქების კადრები მალევე გავრცელდა სოციალურ ქსელებში. ჰამასის და პრო-პალესტინური ანგარიშები ამტკიცებდნენ, რომ იერიში საავადმყოფოზე ისრაელის საჰაერო ძალებმა მიიტანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა 18 ოქტომბერს მტკიცებულებები წარმოადგინეს, რომლის მიხედვითაც ღაზაში საავადმყოფოს სიახლოვეს ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური ჯიჰადის რაკეტა ჩამოვარდა. 

18 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა დანიელ ჰაგარიმ პრესკონფერენცია გამართა, სადაც დეტალურად ახსნა ყველა მოძიებული მტკიცებულება საავადმყოფოზე თავდასხმის შემთხვევის გარშემო. მისი თქმით, პირველ რიგში ისრაელის მხარემ გადაამოწმა ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის ძალების ყველა შესაბამის შტოსთან რაკეტების გაშვების ტრაექტორიების შესახებ და დაადასტურა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებს არც ერთი რაკეტა საავადმყოფოს მიმართულებით არ უსვრიათ. 

ჰაგარის თქმით, 17 ოქტომბერს 6:15-ზე ჰამასმა ისრაელის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა ისროლა. შემდეგ, დაახლოებით 45 წუთში, 6:59-ზე ისლამურმა ჯიჰადმა დაახლოებით 10 რაკეტა ისროლა ახლომდებარე სასაფლაოდან. სწორედ 6:59-ზე გავრცელდა ინფორმაცია საავადმყოფოს აფეთქების შესახებ. 

ისრაელის დაზვერვის სამსახურის ცნობით, ჰამასმა მალევე შეამოწმა რადარებზე ასახული ინფორმაცია, იცოდა, რომ ისრაელი არაფერ შუაში იყო და მაინც გადაწყვიტა დაეწყო გლობალური მედია კამპანია ისრაელის წინააღმდეგ. დანიელ ჰაგარის თქმით, ჰამასმა ამავე კამპანიისთვის გააზვიადა დაშავებულთა და გარდაცვლილთა რიცხვიც. 

ჰაგარის თქმით რაკეტა საპარკინგო სივრცეზე ჩამოვარდა, საავადმყოფოს გარეთ, სადაც ყველას შეუძლია დაინახოს ხანძრის ნიშნები, თუმცა არა რაკეტის კრატერი და გარშემო არსებული შენობების სტრუქტურული დაზიანებები

IDF-ის კადრები შემთხვევის ადგილიდან

ისრაელის თავდაცვის ძალების მიხედვით, თუ საავადმყოფოს მიმდებარედ სარაკეტო თავდასხმა განხორციელდებოდა, შედეგები სხვაგვარი იქნებოდა. თავდასხმის ადგილიდან ჩანს, რომ ზიანი ისლამური ჯიჰადის რაკეტის ქობინმა გამოიწვია, თუმცა აფეთქება რაკეტის დიდი რაოდენობით საწვავმა დააჩქარა, წარუმატებელი გასროლისა და მოკლე მანძილზე ფრენის გამო. 

რაკეტის გასროლის წერტილი და ტრაექტორია - IDF

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ ასევე თქვა, რომ შეუძლებელია მსგავს შემთხვევებზე დადასტურებული ინფორმაცია გქონდეს ისეთ მოკლე დროში, რა დროშიც ჰამასი ამტკიცებდა, რომ ეს ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ იყო ჩადენილი. 

18 ოქტომბერს IDF-მა ასევე გაავრცელა ჰამასის ორი წევრის სატელეფონო საუბარი, სადაც ისინი ამბობენ, რომ რაკეტა პალესტინის ისლამურმა ჯიჰადმა შეცდომით ისროლა ახლოს მდებარე სასაფლაოდან. 

ჩანაწერში, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ჰამასის 2 წევრი საუბრობს:

- გეუბნები, პირველად ვნახეთ მსგავსი რაკეტის ჩამოვარდნა.

- ამიტომ ვამბობთ, რომ ის პალესტინურ ისლამურ ჯიჰადს ეკუთვნის.

- რა?

- ამბობენ, რომ პალესტინურ ისლამურ ჯიჰადს ეკუთვნის.

- ჩვენია?

- მგონი ასეა.

- ვინ ამბობს ამას?

- ისინი ამბობენ, რომ რაკეტის ნამსხვრევები ადგილობრივი რაკეტისაა და არ გავს ისრაელისას.

- რას ლაპარაკობ?

- ღმერთო ჩემო, სხვა ადგილი ვერ იპოვა ასაფეთქებლად?

- მათ ის საავადმყოფოს უკან მდებარე სასაფლაოდან ისროლეს.

- რა?

- ალ-მაამადანის საავადმყოფოს უკან მდებარე სასაფლაოდან ისროლეს, გაუმართავად წავიდა და მათ დაეცა.

კომენტარები