ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

მედვედევი ღაზის საავადმყოფოზე: ეს არის ომის დანაშაული, რომელზეც პასუხისმგებელია აშშ

დმიტრი მედვედევი
TASS

ღაზაში საავადმყოფოს დაბომბვას გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ყოფილი პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი.

"ღაზის საავადმყოფოზე საშინელი თავდასხმა აშკარა ომის დანაშაულია. და მასზე საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება მათ, ვინც ცინიკურად შოულობს ფულს სხვადასხვა ქვეყნებსა და კონტინენტებზე წარმოებული ომებიდან. ვინც დაუფიქრებლად ანაწილებს კოლოსალურ ფულს იარაღზე და ტვირთავს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს. ვინც ტყუილად აცხადებს თავის გლობალურ მისიად, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები.


ამერიკის შეერთებული შტატები". – წერს მედვედევი ტელეგრამ არხზე.

ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ ღაზის საავადმყოფოში აფეთქება, რომელსაც ჰამასის ცნობით, 500-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური ჯიჰადის მიერ გაშვებული გაუმართავი რაკეტის ჩამოვარდნას მოჰყვა.

ჰამასმა თავდაპირველად მომხდარში ბრალი ისრაელის თავდაცვის ძალებს დასდო, თუმცა IDF-ის გამოიძიების შედეგად ისრაელის მხარემ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჰამასს დააკისრა.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

კომენტარები